ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი, თეატრის მხატვარი, დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პროფესორის ასისტენტი.
1997 წელს დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ხელოვნების ფაკულტეტი, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. 2003 – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, თეატრის დეკორაციული მხატვრობის სპეციალობით. 2011 – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ქართული ცეკვის და სადადგმო ხელოვნების პედაგოგიის სპეციალობით.
1999-2005 წწ. მუშაობდა თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგად საგანში – ცეკვის სასცენო გაფორმება, მსოფლიო კოსტიუმების ისტორია და ქართული კოსტიუმის ისტორია. ამავე უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული კათედრის პედაგოგის ასისტენტად: საგანი – ქართული ცეკვა და სადადგმო ხელოვნება. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე ასისტენტის თანამდებობაზე. 2006-2011 წწ. მუშაობდა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დამდგმელი მხატვარის თანამდებობაზე. 2011-2016-მდე მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში დამდგმელი მხატვრის თანამდებობაზე.
1999 – 2023 ხელშეკრულებით მუშაობს სხვადასხვა თეატრებში სცენოგრაფად და ქორეოგრაფად: ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი, თეატრი ათონელზე, თბილისის კამერული თეატრი. ასევე ხელშეკრულებით სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“ კოსტიუმების მხატვრად სრულმეტრაჟიანი ფილმი „იყოს ნება შენი“ რეჟ. რეზო ჩხეიძე. არის სადიზაინერო კომპანია ZITSA ს დამფუძნებელი. გაფორმებული აქვს 48-ზე მეტი სპექტაკლი და 10 კინოფილმი, როგორც მხატვრული ასევე დოკუმენტური და ვიდეო პროდუქცია, რეკლამა (დამდგმელი მხატვარი, კოსტიუმების მხატვარი, ქორეოგრაფიული გაფორმება, მხატვრული გრიმი, მსახიობი). მონაწილეობდა სხვადასხვა ახალგაზრდა სცენოგრაფთა წარმოდგენილ გამოფენებში, ორი პერსონალური გამოფენა. აგრეთვე, მონაწილეობდა სხვადასხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროექტებში: ახალგაზრდა სცენოგრაფთა კავშირის გამოფენა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქართული ხალხური ცეკვის მასტერკლასებში თემით: „მაქს ტილკე ქართული ეროვნული სამოსი“ და „პაუზა“, სემინარები, საერთაშორისო ახალგაზრდული მოკლე ფილმების ფესტივალი ,,სესილი”, სტუდენტური ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალი ,,ტერფსიქორე” და სხვა.