პროფესიული საბავშვო თეატრის ისტორია ჯერ მხოლოდ ერთ საუკუნეს ითვლის, თუმცა ამ ასწლეულის განმავლობაში სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს მისი ფუნქცია საგრძნობლად გაიზარდა – სკოლასა და ოჯახთან ერთად, თეატრი დიდ როლს თამაშობს ახალი თაობის ჩამოყალიბების, ბავშვების/მოზარდების ხელოვნების გზით თვითგამოხატვის პროცესში. სამწუხაროდ, საქართველოში საბავშვო თეატრი, თეორიული თვალსაზრისით, ფაქტობრივად, უკვლევი სფეროა. ამ ეტაპზე, საქართველოში არ არსებობს საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა, სადაც ამოვიკითხავთ, თუ რა გავლენას ახდენს თეატრალური ხელოვნება ამა თუ იმ ასაკის მოზარდზე, რა დოზით ავითარებს ბავშვის ფსიქიკას, კრიტიკული და მხატვრული აზროვნების, ცხოვრების აღქმის უნარს. ჩვენ არ ვიცით, როგორი გავლენა აქვს თეატრს მოზარდი მაყურებლით დაკომპლექტებული აუდიტორიის შემთხვევაში; არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული აზრი იმის თაობაზე, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა დაესწროს ან არ უნდა დაესწროს თეატრალურ წარმოდგენას ამა თუ იმ მიზეზის გამო. აგრეთვე, ფაქტობრივად, არ გვაქვს საფუძვლიანი, პროფესიული სამეცნიერო კვლევები კონკრეტულად ქართული საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის მიმართულებით.
ISBN 978-9941-9962-1-4