
მარგარიტა ვასილევა–როჟდესტვენსკაია, „ისტორიულ–ყოფითი ცეკვა“
მთარგმნელი: ხათუნა დამჩიძე
ქორეოლოგია თარგმანების სიმცირეს განიცდის, მით უმეტეს ხარვეზი თვალსაჩინო ხდება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო გეგმით წარმოდგენილია საგანი „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს. დისციპლინა ითვალისწინებს ევროპული ხალხური ქორეოგრაფიის ნიმუშების – ბრანლი, მენუეტი, გავოტი, პავანა, ალემანდა, გალიარდა, ვალსი, პოლკა, მაზურკა, პოლონეზი და ა.შ., პრაქტიკულ-თეორიულ შესწავლას. ეს ნაშრომი წარმოადგენს ისტორიულ ექსკურსს შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით, ასევე ითვალისწინებს „ბალეტის ისტორიასაც”. აღნიშნული საგანი სავალდებულოა ყველასათვის, ვინც სასცენო მოძრაობას, პლასტიკას, ქორეოგრაფიას ეუფლება, იქნება ეს სამსახიობო, სარეჟისორო თუ ქორეოგრაფიული მიმართულებები.
ისტორიულ-ყოფითი ცეკვის თეორიის შესწავლა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა არაქართულ (მეტწილად რუსულ) სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით. ძირითადად გამოიყენებოდა მარგარიტა ვასილევა-როჟდესტვენსკაიას წიგნი „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“, რომელიც ყველაზე ადაპტირებულ და ოპტიმალურ ნაშრომად მიიჩნევა ამ დისციპლინის შესასწავლად. აქედან გამომდინარე, წიგნის, „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“, მეორე გამოცემის (1987) ქართული ვერსია საშუალებას მისცემს სტუდენტებს მშობლიურ ენაზე შეისწავლონ ისტორიულ-ყოფითი ცეკვის ისტორია და თეორია.
სახელმძღვანელოს – „ისტორიულ–ყოფითი ცეკვა“ – თარგამნი შეასრულა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ქორეოლოგმა, ხათუნა დამჩიძემ. წიგნი გამოიცა 2022 წელს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.