ისტორია
დრამის ფაკულტეტის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიასთან, რომელიც 1923 წელს დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტის სახელწოდებით აკაკი ფაღავას 1922 წელს შექმნილი სტუდიის საფუძველზე. სტუდიელები ინსტიტუტში მეორე კურსზე ჩაირიცხნენ. გამოცხადდა მიღებაც.
1924 წელს, ინსტიტუტის პირველ კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ: ა. ხორავა, ვ. გოძიაშვილი, თ. წულუკიძე, ს. თაყაიშვილი, მ. მრევლიშვილი. მსახიობის ოსტატობას ასწავლიდნენ: აკაკი ფაღავა, კოტე მარჯანიშვილი, მიხეილ ქორელი. იმპროვიზაციას და მიმოდრამას – სანდრო ახმეტელი, სასცენო მეტყველებას – ნიკო შიუკაშვილი. ინსტიტუტის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო კოტე მარჯანიშვილი. ფაკულტეტების ნაცვლად ფუნქციონირებდა სტუდიები: დრამატული, საოპერო, აგრეთვე საოპერო გუნდის, პლასტიკის და რიტმული გიმნასტიკის სკოლები. ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდნენ: ი. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე და სხვა.
1926 წელს სასცენო ხელოვნების ინსტიტუტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 1927-39 წლებში რუსთაველის თეატრში მუშაობდა მხოლოდ სტუდია.
1939 წლის სექტემბერში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებისა და კინოსტუდიის ბაზაზე არსებული სტუდიები გაერთიანდა და თეატრალური ინსტიტუტის ფუქნციონირება აღდგა. ამ სტუდიების წევრებისგან, სპეციალური კომისიის მიერ სათანადო შემოწმებით, დაკომპლექტდა ინსტიტუტის მეორე, მესამე და მეოთხე კურსები, ხოლო პირველი კურსისათვის ახალი მიღება გამოცხადდა.
1940 წელს თეატრალურ ინსტიტუტში გაიხსნა სარეჟისორო ფაკულტეტი.
წლების მანძილზე თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტზე მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრას ხელმძღვანელობდა აკაკი ხორავა.
1956 წელს ინსტიტუტი კვლავ გაფართოვდა და დრამის ფაკულტეტს მუსიკალური განყოფილება შეემატა.
1970 წელს დრამის ფაკულტეტზე დაარსდა თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობა. მისი ფუძემდებლები იყვნენ შოთა ცუცქირიძე და გივი სარჩიმელიძე.
1969 წლიდან დრამის ფაკულტეტის, მსახიობის ხელოვნების სპეციალობაზე ისწავლებოდა პანტომიმის ხელოვნება, ხოლო 1978 წლიდან დაარსდა პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობა – ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით.
მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის კათედრას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ: დ. ალექსიძე, კ. პატარიძე.
1973 წლიდან კათედრა გაიყო და მსახიობის ოსტატობის კათედრას სათავეში ჩაუდგა დიმიტრი ალექსიძე, ხოლო რეჟისურის კათედრას მიხეილ თუმანიშვილი. 1997 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა გ. ჟორდანია. სხვადასვა დროს მსახიობის ოსტატობის კათედრებს ხელმძღვანელობდნენ ლ. მირცხულავა, შ. გაწერელია. სასცენო მეტყველების კათედრას ხელმძღვანელობდნენ მალიკო მრევლიშვილი და ბაბულია ნიკოლაიშვილი, ხოლო სასცენო მოძრაობის კათედრას – კონსტანტინე (კოწო) ბადრიძე და იური ზარეცკი.
დრამის ფაკულტეტზე მოღვაწეობდნენ: ა. ვასაძე, გ. ტოვსტონოგოვი, დ. ალექსიძე, ა. მიქელაძე, კ. პატარიძე, ვ. ყუშიტაშვილი, მ. თუმანიშვილი, ლ. იოსელიანი, გ. ლორთქიფანიძე, ა. დვალიშვილი, და სხვები.
უფროსი თაობის რეჟისორებმა ჩამოაყალიბეს მსახიობთა აღზრდის ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპები, რომელიც თავისი არსით ეფუძნებოდა კ. სტანისლავსკის სისტემას, როგორც მსახიობთა აღზრდის ფუნდამენტს.
გ. ტოვსტონოგოვის მოწაფემ, მ. თუმანიშვილმა განავითარა მსახიობთა და რეჟისორთა აღზრდის მეთოდოლოგია, მეცნიერული სიღრმე მიანიჭა მას და ჩაატარა გაბედული ექსპერიმენტები, რომელიც შემდგომში კურსდამთავრებულებს გაუადვილებდა სათეატრო კოლექტივებში ადაპტაციის პროცესს. ასე შეიქმნა ცნობილი კინომსახიობთა თეატრი.
დრამის ფაკულტეტზე სხვადასვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ შემდგომი თაობის რეჟისორები: შალვა გაწერელია, გაიოზ ჟორდანია, მედეა კუჭუხიძე, აქვსენტი გამსახურდია, ანზორ ქუთათელაძე, ლევან მირცხულავა, ნანა დემეტრაშვილი, კონსტანტინე სურმავა, თემურ აბაშიძე, სასცენო მეტყველების კათედრის ხელმძღვანელი ლეილა კაპანაძე, სასცენო მოძრაობის კათედრის ხელმძღვანელი ნათელა იონათამიშვილი, მხატვრული კითხვის დიდოსტატები ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე და სხვები. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამსახიობო სკოლის კადრების მომზადებაში.
2007 წელს დრამის ფაკულტეტი გაფართოვდა და მას რეორგანიზაციის საფუძველზე შეუერთდა ფოკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების: ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებისა და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობები. ქართველი ლოტბარების აღზრდას საფუძველი ჩაუყარეს: ანზორ ერქომაიშვილმა, გომარ სიხარულიძემ, ბადრი თოიძემ, ქორეოგრაფების აღზრდას ემსახურებიან: უჩა დვალიშვილი, ლაუზ ჭანიშვილი, ბესიკ სვანიძე. 2013 წლის 6 მარტს ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული მიმართულება დრამის ფკაკულტეტს გამოეყო და მის ბაზაზე შეიქმნა ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მალე 100 წლის გახდება. დრამის ფაკულტეტიც ამდენივე წლის ისტორიას მოითვლის. დრამის ფაკულტეტმა არაერთი გამოჩენილი სცენის ოსტატი აღუზარდა ქართულ დრამატულსა და მუსიკალურ, თოჯინების თუ პანტომიმის თეატრს, რითაც მყარი საფუძველი შეუქმნა პროფესიული ეროვნული სათეატრო ხელოვნების განვითარებას. მისი ექსპერიმენტული ჯგუფების ბაზაზე შეიქმნა არაერთი სათეატრო კოლექტივი.
2007 წელს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტს შეუერთდა ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორისა და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობებით. ქართველი ლოტბარების აღზრდას საფუძველი ჩაუყარეს ანზორ ერქომაიშვილმა, გომარ სიხარულიძემ, ბადრი თოიძემ; ქორეოგრაფების აღზრდა ითავეს უჩა დვალიშვილმა, ლაუზ ჭანიშვილმა, ბესიკ სვანიძემ.
ამჟამად დრამის ფაკულტეტი ამზადებს დრამისა და კინოს, მუსიკალური, თოჯინების და პანტომის თეატრის მსახიობებს, თეატრის რეჟისორებს, ქართული ცეკვის დამდგმელ ქორეოგრაფებს და ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებს.