ნატო გენგიური

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი 2024 წლის აპრილიდან, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სადისერტაციო საბჭოს ხელოვნებათმცოდნეობის სექციის თავმჯდომარე.

1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სპეციალობა – ხელოვნებათმცოდნეობა). დისერტაცია დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.

სხვადასხვა წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი და აღნიშნული პროექტების ფარგლებში მუშაობდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უძრავ ძეგლთა კომისიის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და სამეცნიერო-პოპულარული სტატია. მათ შორისაა მონოგრაფია, სახელმძღვანელოები, წიგნები, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომები და მისი რედაქტორობით გამოცემული წიგნები და კრებულები.

იყო არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი, საგრანტო პროექტის მონაწილე, ავტორი და ხელმძღვანელი. არის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს ხელოვნებათმცოდნეობის სექციის თავმჯდომარე. არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზების კავშირის „სიგნეტი“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. არის მიუნჰენის ასოციაციის „გვიანანტიკური არქეოლოგია და ბიზანტიოლოგია“ წევრი და სხვ. ხელმძღვანელობს დოქტორანტთა სამეცნიერო მუშაობას, არის დისერტაციების სამეცნიერო ხელმძღვანელი.

არის უნივერსიტეტის ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციისა და ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორი. მისივე ინიციატივით დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ (2021 წლამდე „მე-20 საუკუნის ხელოვნება“), რომლის მთავარი რედაქტორი და გამომცემელია დღემდე. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი (საერთაშორისო ვორქშოპებსა და კონფერენციებზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართვა და გაყვანა ფლორენციაში, ერაზმუს+ პროექტი, საერთაშორისო კონფერენციები).

სამეცნიერო ინტერესები: არქიტექტურის ისტორია და თანამედროვეობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხები.

კითხულობს კურსებს: ხელოვნების ნიმუშის ანალიზი, ქართული ხელოვნების ისტორია, თანამედროვე არქიტექტურული ფორმები და სხვ.