
ლაშა ჩხარტიშვილი — თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი არის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის (2010) და ქართული თეატრის ელექტრონული არქივის (2019) დამფუძნებელი, ელექტრონული ჟურნალის theatrelife.ge გენერალური რედაქტორი.
ლაშა ჩხარტიშვილი არის თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების (TCIU) ვიცე-პრეზიდენტი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (IUTA) წევრი და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. 2020 წლიდან არის ჟურნალ Theatre Studies of Central and Eastern Europe-ის სარედაქციო საბჭოს წევრი.
ის არის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი და ავტორი დამხმარე სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების, ასევე ათობით სამეცნიერო კვლევისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროპის და აზიის ქვეყნების (საფრანგეთი, ინგლისი, პოლონეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, იტალია, ინდოეთი, ყაზახეთი, საქართველო) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ლაშა ჩხარტიშვილი მიწვეული იყო ევროპის და ცენტრალური აზიის სხვადასხვა უნივერსიტეტში ვორქშოპების და მასტერკლსების ჩასატარებლად შემდეგ თემებზე: თანამედროვე სათეატრო ტენდენციები, უახლესი თეატრი და ტექნიკური გამოწვევები, თეატრი მილენიუმიდან პანდემიამდე და სხვა.
ლაშა ჩხარტიშვილი აქტიური თეატრის კრიტიკოსია, რომელიც ავტორია ასობით რეცენზიისა და პუბლიკაციის, რომლებიც შეეხება თანამედროვე ქართული და ევროპული თეატრის აქტუალურ საკითხებს. ის არის ოთხგზის (2007, 2012, 2020, 2023) საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიის – „საუკეთესო რეცენზიის ავტორი“ – მფლობელი. დაჯილდოებულია ვალერიან გუნიას და ვასილ კიკნაძის სახელობის პრემიებით თეატრმცოდნეობაში შეტანილი წვლილისთვის.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: პოსტსაბჭოთა თეატრის ტრანსფორმაციებს, თეატრის ურთიერთობას პოლიტიკურ დისკურსთან, ცენზურისა და თვითცენზურის საკითხებს თეატრში, კრიტიკის ენის ევოლუციას, თანამედროვე ქართული თეატრის სტრუქტურულ ცვლილებებსა და საზოგადოების როლს თეატრალურ პროცესში. მისთვის თეატრი წარმოადგენს ცოცხალ სოციალურ მექანიზმს, რომლის კვლევა მოითხოვს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტების ერთდროულ გააზრებას.