სიახლე, ხმსკ-მედია 2025

ხელოვნების მკვლევართა XVIII საერთაშორისო კონფერენცია – ხელოვნება დროის კონტექსტში

2025 წლის კონფერენციის ამსახველი მასალა

2025 წლის 15-17 ოქტომბერს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების მკვლევართა XVIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელოვნება დროის კონტექსტში“. კონფერენცია წელს ჩატარდა UNESCO-ს მხარდაჭერის ფარგლებში.

ღონისძიების საზეიმო გახსნა შედგა 15 ოქტომბერს, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში. კონფერენცია გახსნა პროფესორმა ნატო გენგიურმა – კონფერენციის ინიციატორმა და ორგანიზატორმა მისი დაარსებიდან (2008) დღემდე. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კონფერენციის კოორდინატორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად დოლიძე, ასევე მოწვეული უცხოელი მკვლევრები: პროფესორი სანდრა რაზვანა ჩერნატი (ბუქარესტის კარაჯიალეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი), პროფესორი იოსიფ ასტრუკოვი (ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი), პროფესორი მარიან ცუცუი (ბუქარესტის ჰიპერონის უნივერსიტეტი), პროფესორი ბილგე კალკავანი (თურქეთის ჰასან კალინჩუს უნივერსიტეტი) და პროფესორი ნარინე სარგსიანი (ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი). გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კონფერენციის მნიშვნელობას როგორც სახელოვნებო მეცნიერებების კვლევის განვითარების, ისე საერთაშორისო აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც თანამედროვე საზოგადოების განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კონფერენციის გახსნის დღეს გაიმართა ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის — „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული — კულტურა ციფრულ ეპოქაში“ #5 (15), 2025 — პრეზენტაცია. ჟურნალი გამოიცა გასული წლის კონფერენციის მასალების საფუძველზე. პრეზენტაცია წარადგინა პროფესორმა ნატო გენგიურმა, რომელიც ასევე კრებულის მთავარი რედაქტორია. მან ხაზი გაუსვა ჟურნალის აკადემიურ მნიშვნელობას და ინტერნეტში გამოქვეყნებული ელექტრონული ვერსიის ფართო გავრცელებას. Google Analytics-ის მონაცემების მიხედვით, ჟურნალს ჰყავს მკითხველები მთელი მსოფლიოდან და ბოლო წლის განმავლობაში ფიქსირდება 4000-ზე მეტი ნახვა. განსაკუთრებული დაინტერესება აღინიშნება აშშ-დან, გერმანიიდან და ჩინეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ჟურნალის ქართული ვერსიის მისამართია: https://artsmediajournal.tafu.edu.ge/
ინგლისური ვერსიის მისამართია: https://artsmediajournal.tafu.edu.ge/en/

სამეცნიერო ჟურნალსა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს სარედაქციო საბჭოს წევრებმა — პროფესორმა თამარ ჩხეიძემ (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია) და პროფესორმა ლელა ოჩიაურმა (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გახსნის ცერემონიის დასასრულს სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონფერენციებისა და კულტურული კავშირების ჩამოყალიბების მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებისთვის.

კონფერენციის გახსნის დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის გაფორმება უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ტრადიცია, რომელიც რეგულარულად ხორციელდება აღნიშნული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა თორმეტ სექციას: თეატროლოგია, ქორეოლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მუსიკოლოგია, მედიის კვლევები, კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი. წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობდა 71 ქართველი და უცხოელი მკვლევარი — 16 უნივერსიტეტიდან ან კვლევითი დაწესებულებიდან, მათ შორის 8 საქართველოს, ხოლო 8 — უცხოური უნივერსიტეტებია (გერმანია, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი, ლატვია და სხვა).

სექციების მოდერატორები იყვნენ პროფესორები ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, გიორგი ჩართოლანი, ნატო გენგიური და მალხაზ ღვინჯილია; ასოცირებული პროფესორები მაკა ვასაძე, მარინე ხარატიშვილი, ნანა დოლიძე,  თამარ ცაგარელი, მაია ლევანიძე, გვანცა ღვინჯლია (კონსერვატორია), ეკატერინე კიკნაძე და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა დოლიძე.

კონფერენციას ესწრებოდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ თანამედროვე სახელოვნებო კვლევებთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ტელევიზიითა და მედიის საშუალებით. იხ. ლინკები:

http://youtu.be/E4zndio5Yxc?si=pFWT1C–8gyI8ErP

https://www.facebook.com/share/v/1BiJMkiMbR

Back to list