ინდივიდუალური სამეცნიერო აქტივობები უცხოეთში

პროფესორ ნატო გენგიურის მოხსენება ბერლინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე

2024 წლის 23-24 თებერვალი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე, ნატო გენგიური, მოხსენებით გამოვიდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ სიმპოზიუმზე „Film Posters – Images of Power? / Filmplakate – Bilder der Macht?“.  სიმპოზიუმი ჩატარდა ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით 2024 წლის 23-24 თებერვალს და კინოაფიშების დიდი გამოფენის – „დიდი კინო- ყველა დროის ფილმების აფიშები“ დამაგვირგვინებელი საერთაშორისო ღონისძიება იყო. სიმპოზიუმზე მოხსენებებით წარდგნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოხსენებები ეხებოდა ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის კინოაფიშების კოლექციას, თანამედროვე კინოაფიშების პოლიტიკურ, სოციალურ ასპექტებს, კინოაფიშების ისტორიის სხვადასხვა საკითხებს.

ნატო გენგიურის მოხსენება შეეხებოდა საბჭოთა ეპოქის ბოლო ეტაპის ქართული კინოპლაკატების მხატვრობას, რომელიც განხილული იყო იმდროინდელი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიმართებების კონტექსტში. ქართული ხელოვნების ეს სფერო დამსწრე აუდიტორიისთვის სრულიად უცნობი მასალა იყო. ამიტომ დიდი ინტერესი და  პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია.

ბერლინში ყოფნის პერიოდში (17-24 თებერვალი) პროფესორ ნატო გენგიურს სამუშაო ვიზიტი ჰქონდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტშიც, სადაც მან გერმანელ კოლეგებთან ერთად განიხილა და დაგეგმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. ამდენად, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ქართული ხელოვნების შესახებ ახალი კვლევის საერთაშორისო დონეზე წარდგენის თვალსაზრისით, არამედ სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებითაც.

გამოფენის ვებგვერდი:

https://www.smb.museum/ausstellungen/detail/grosses-kino/

სიმპოზიუმის პროგრამა:
www.smb.museum/fileadmin/website/Museen_und_Sammlungen/Kunstbibliothek/Ausstellungen/grosses-kino-symposium.pdf

Back to list