საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიური დოქტორი. უნივერსიტეტის აკადემიური და სადისერტაციო საბჭოების წევრი, მოწვეული ლექტორი. დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის „ART კვლევევბი“ ყოველწლიური გამოცემის დამფუძნებელი და შემდგენელ-გამომცემელი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. დაიცვა დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (2003).

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი (2022 წლიდან). წლების განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორი (2010-2022). სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი. არაერთი სამუზეუმო კონცეფციის, მუზეუმის მუდმივი და დროებითი ექსპოზიციის ავტორი და თანაავტორი. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვისა და ევროპული თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი (2004-2009); საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მოძრავ ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი (2002-2003); საქართველოს კულტურის სამინისტროს მოძრავ ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობის შემსწავლელი კომისიის წევრი (2001-2002); საქართველოს კულტურის სამინისტროს ექსპერტი (1995-2002). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგი (1992 წლიდან), დოცენტი (2004 წლიდან).

სამოცზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მათ შორისაა: მონოგრაფიები („სათეატრო არქიტექტურა საქართველოში“, 2005; „იყო თუ არა თეატრი უფლისციხეში“, 2009; „ნარკვევები XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან“, 2020), წიგნები, კრებულები, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები სხვადასხვა გამოცემისთვის, ენციკლოპედიისთვის.

ავტორია გამოცემათა სერიის „მუზეუმი, ისტორია, არტეფაქტი“ (გამოცემულია ხუთი წიგნი). ასევე, პროექტის – სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ და კრებულის „ფიროსმანი დღეს“ შემდგენელ-გამომცემელი (2019). ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ (2014-2022) თანაავტორი და განმახორციელებელი, სამეცნიერო მოხსენებების კრებულის „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ შემდგენელ-გამომცემელი (2014-2023). ათეულობით გამოცემის რედაქტორი, პასუხისმგებელი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო პროექტების სახელოვნებათმცოდნეო კვლევების ავტორი. ოცდაათზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი. არაერთი საერთაშორისო პროექტის მონაწილე (ევროპელ მკვლევართა ღამე “CAPTAIN – მეცნიერება კაპიტანია”- „ლექციები ღია მუზეუმიდან“ – „ნიკო ფიროსმანაშვილის პირადი საქმე“; პოლონეთი – „კულტურა საზღვრებს მიღმა“; გერმანია, დიუსელდორფი – „ექსცენტრული მოდერნიზმის მიკროისტორიები“ – მოდერნიზმის გამოფენა; ესტონეთი, ტალინი – „ფიროსმანი – მარტოსული გენიოსის სამყარო“- ნ. ფიროსმანის გამოფენა; დანია – თვინინგის პროექტი; ჰოლანდიის საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებათა (SICA – Dutch Centre for International Activities) საერთაშორისო პროგრამა; ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ. თეირანი, პროექტი – ყაჯარული პერიოდის არქიტექტურა და ხელოვნება; ნორვეგია – მსოფლიო მემკვიდრეობისა და არქეოლოგიური საიტების მართვის ნორვეგიული მოდელი; კაიროს აინ შამსის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი – კულტურული მემკვიდრეობის მართვა).

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავს სალექციო კურსები: „მუზეუმი და სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი“, „კულტურული მემკვიდრეობა – დაცვა და მართვა“ და სხვ.