2025 წლის კონფერენციის ამსახველი მასალა
2026 წლის 7–9 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ხელოვნების მკვლევართა XIX საერთაშორისო კონფერენცია — „კულტურა ცვლილებების ზღვარზე“.
წლევანდელი კონფერენციის პროგრამა აერთიანებდა 65 მოხსენებასა და 66 მკვლევარს, მათ შორის 14 უცხოელ მონაწილეს. სამი დღის განმავლობაში მუშაობდა 12 თემატური სექცია. კონფერენციაში წარმოდგენილი იყო 9 ქვეყანა და 25 საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ინსტიტუცია, მათ შორის 15 ქართული და 10 უცხოური ორგანიზაცია.
ქართულ მონაწილე ინსტიტუციებს შორის იყვნენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ცენტრი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა დაწესებულებები.
უცხოური ინსტიტუციებიდან მონაწილეობდნენ ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის, ბუქარესტის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტის, ჰასან კალიონჯუს უნივერსიტეტის (თურქეთი), ბარსელონის ხელოვნების ინსტიტუტის (ესპანეთი), ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (სომხეთი), ლატვიის იაზეპს ვიტოლსის მუსიკის აკადემიისა და სხვა აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, რაც აერთიანებდა პირისპირ და ონლაინ მონაწილეობას. უცხოელ სტუმრებს შორის, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ, იყვნენ ბილგე კალკავანი და პროფესორი ბულენთ ბაჰრი ქუჩუქერდოღანი ჰასან კალიონჯუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი) და ნარინე სარგსიანი ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტიდან (სომხეთი). სხვა უცხოელი მკვლევრები სექციების მუშაობას დისტანციურად შეუერთდნენ. ამ ფორმატმა ხელი შეუწყო საერთაშორისო მონაწილეობის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა პროფესიულ ურთიერთობას.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა კინომცოდნეობას, თეატრმცოდნეობას, ხელოვნების ისტორიას, მუსიკოლოგიას, ქორეოლოგიას, ხელოვნების მენეჯმენტსა და კულტურულ ტურიზმს. მოხსენებებში განხილული იყო კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და თანამედროვე მხატვრული პროცესების, კულტურული იდენტობის, ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული გარემოს გავლენით მიმდინარე ცვლილებების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიმდინარე ტრანსფორმაციებსა და მათი ისტორიული და თანამედროვე კონტექსტების გააზრებას.
კონფერენციის გახსნაზე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის International Journal of Arts and Media Researches ახალი ნომრის — №6(16), 2026, „ხელოვნება დროის კონტექსტში“ — პრეზენტაცია. ჟურნალი გამოიცა ბეჭდური და ელექტრონული სახით. წლევანდელ გამოცემაში დაინერგა ფარული რეცენზირების სისტემა, სტატიებს მიენიჭა DOI, განახლდა ჟურნალის ვებგვერდზე სამეცნიერო პუბლიკაციების წარდგენისა და ციტირების შესაძლებლობები. ეს ცვლილებები ემსახურება გამოცემის საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების განვითარებასა და მისი ხილვადობის გაზრდას.
გამოიცა აგრეთვე კონფერენციის მოხსენებათა თეზისების კრებული, რომელიც ასახავს წარმოდგენილი კვლევების ძირითად მიმართულებებსა და სამეცნიერო პრობლემატიკას.
კონფერენციამ საზოგადოების და მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ღონისძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა, რომელშიც გაშუქდა კონფერენციის მიმდინარეობა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობა.
სამი დღის განმავლობაში გამართულმა მოხსენებებმა და დისკუსიებმა ხელი შეუწყო ახალი კვლევითი შედეგების გაცნობას, განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომების ურთიერთგაზიარებასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მკვლევართა პროფესიული კავშირების განმტკიცებას. კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ხელოვნებისა და კულტურის კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობა.
კონფერენციის შედეგები ქმნის საფუძველს სამომავლო სამეცნიერო პუბლიკაციების, ერთობლივი კვლევითი ინიციატივებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
2027 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების მკვლევართა საიუბილეო, XX საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.












