სიახლე

Art დისკურსი. თამარ ქუთათელაძე – „სპექტაკლი მეტაფორა“

25 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  სამეცნიერო  პლატფორმის,  „Art დისკურსის“,  ფარგლებში,   წარმოდგენილი იქნება  ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თამარ ქუთათელაძის  კვლევა   „სპექტაკლი – მეტაფორა“.  იგი შეეხება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე განხორციელებულ ახალგაზრდულ დადგმებს. ტერმინი „ახალგაზრდული“ პირობითია, ვინაიდან  რეჟისორები, რომელთაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს დამოუკიდებელი მოღვაწეობა, დღეს უფროსი თაობაა, მათ გვერდით უკვე ახალგაზრდა რეჟისორები დგანან, რომელთა ნამუშევრებიც საინტერესო და მნიშვნელოვანი  განაცხადია.  

სპექტაკლი მრავალ ღირებულებასთან ერთად შეიცავს უნიკალურ თვისებას, იგი ასახავს  არა მხოლოდ  შექმნის პროცესში არსებულ რეალობას, არამედ პროგნოზირებს მომავალს.  საინტერესოა რა სათქმელს ინახავს ჩვენი ახლო წარსულის სპექტაკლები?

„Art დისკურსის“  ფარგლებში  წარიმართება მსჯელობა ისეთ პიესებსა და სპექტკლებზე, რომლებიც XX საუკუნის განმავლობაში არ დადგმულა, XXI საუკუნეში კი   მრავალგზის. დიახ, თანამედროვე სპექტაკლი მრავალვარიანტულია. მაშ, რა განაპირობებს  ასეთ კონტრასტს, რის მანიშნებელია იგი,   რა  გზავნილებს შეიცავს აწმყოსა თუ მომავლისთვის ?

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის – „Art დისკურსის“  – მიზანია  ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადმიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაცნობა-გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით. 

 „Art დისკურსი“  მუდმივმოქმედია და იმართება ყოველთვიურად. 

თარიღი: 25 აპრილი
დრო: 15:00 საათი
ადგილი: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ელდარ შენგელაიას კინოდარბაზი. მისამართი: თბილისი,  დავით აღმაშენებლის  გამზ. #40

Back to list