ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოგრაფიის მკვლევარი, ქორეოგრაფი, დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

1997 წელს დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ხელოვნების ფაკულტეტი, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. 2014 წელს დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „ორნამენტული სიმბოლიკა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში“.

არის ა(ა)იპ ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის NCC “GE Art” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა აკადემიური/სამეცნიერო და შემოქმედებითი საბჭოს წევრი, ექსპერტი და თავმჯდომარე. მათ შორის, საუნივერსიტეტო აკადემიური საბჭოს, 2022 წლიდან – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელოვნებო უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს და 2018 წ. – ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს ICTM წევრი.

იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ააიპ „მემკვიდრეობა მომავლისთვის“ ერთობლივი პროექტის: „ზემო სვანეთის აკმ ელემენტების გამოვლენა, დაცვა და პოპულარიზაცია“, საექსპედიციო ჯგუფის წევრი, მკვლევარი. 2013 წელს, „ცეკვა ხორუმის“ – აკმ ელემენტის ადგილობრივი ძეგლის სტატუსის მინიჭების საინიციატივო ჯგუფის მკვლევარი და სააღრიცხვო ბარათის შემდგენელი.

მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენცია/სიმპოზიუმზე, როგორც ქორეოგრაფიული ხელოვნების მკვლევარს. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია და სამეცნიერო-პოპულარული სტატია ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში, გაზეთებში, წიგნებში, ციფრულ პლატფორმებზე. არის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ანთოლოგიური სახის 2010, 2018, 2023 წლების გამოცემების „ქართული ხალხური ცეკვა“ I, II, III – სამეცნიერო-შემოქმედებითი სამუშაო ჯგუფის წევრი.

1998 წლიდან მუშაობს ქორეოგრაფიულ მიმართულებაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროფესიულ კოლეჯში, ქორეოგრაფიულ ანსამბლებში.

2014 წლიდან, განხორციელებული აქვს 40-ზე მეტი შემოქმედებითი პროექტი, მათ შორის სახელმწიფო საგრანტო პროექტები, როგორც ხელმძღვანელს, ორგანიზატორსა და ხელოვან/ტრენერს. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალში, კონცერტში, ვორქშოპში, ტრენინგში და მასტერკლასში.

2022 წლიდან არის ქორეოგრაფიული მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი. MA/BA პროგრამების 35-მდე სილაბუსის ავტორი და თანაავტორი.

ქორეოგრაფიულ მიმართულებაზე კითხულობს პროგრამის ძირითად სასწავლო კურსებს: სადადგმო ხელოვნება, ცეკვის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია, ქართული ცეკვის და სადადგმო ხელოვნების ოსტატობა და სხვა.

გამოშვებული ჰყავს ბაკალავრიატის სრული 6 ჯგუფი. არის 100-ზე მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი და რეცენზენტი.

სამეცნიერო ინტერესები: ქორეოგრაფიული ხელოვნება; ქორეოგრაფიის თეორია, ისტორია, სწავლების მეთოდიკა; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.