დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ისტორია
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავდაპირველად როგორც „სასცენო ხელოვნების“ ინსტიტუტი, 1923 წელს, აკ. ფაღავას მიერ შექმნილი დრამატული სტუდიის ბაზაზე დაარსდა. აკ. ფაღავა იყო სათეატრო ინსტიტუტის პირველი რექტორიც. თითქმის დაარსების დღიდან, თბილისის სასცენო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში სასწავლო პროცესის პარალელურად, მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობაც. სამწუხაროდ, 1926 წელს ინსტიტუტმა შეწყვიტა არსებობა და 1939 წლის 1 სექტემბერს აკ. ხორავასა და აკ. ფაღავას თაოსნობით კვლავ აღდგა. აქედან მოყოლებული, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია .
1940-ანი წლების დასაწყისში აკ. ფაღავას თაოსნობით დაარსდა თეატრის ისტორიის კათედრა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. აქ მიმდინარეობდა თეატრის (როგორც ქართული, ისე მსოფლიო) ისტორიისა და დრამის თეორიის სამეცნიერო კვლევა.
1950-1960-იან წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა კვლევის არეალი და გაიზარდა სამეცნიერო სეგმენტი. ამ დროს უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ეთერ გუგუშვილი (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, იმჟამად თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი).
1960-იან წლებში, თეატრის ისტორიისა და თეორიის კათედრის პარალელურად, შეიქმნა თეატრალური ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი სექტორი. თავდაპირველად მხოლოდ თეატრმცოდნეობის, 1970-იანი წლებიდან კი კინომცოდნეობის მიმართულებითაც, ამგვარად ჩამოყალიბდა „თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ქართული თეატრის ისტორიის მკვლევარი, არაერთი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი, პროფესორი დიმიტრი ჯანელიძე (1906-1994), რომლის კვლევებმა თეატრმცოდნეობა, როგორც მეცნიერება, ახალ საფეხურზე აიყვანა. სექტორთან ფუნქციონირებდა თეატრის სოციოლოგიური კვლევისა და ფსიქოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გულიკო ჯავაშვილი).
ათწლეულების განმავლობაში თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა თეატრისა და კინოხელოვნების კვლევების მიმართულებით. გამოიცა მრავალფეროვანი სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურა. დიმიტრი ჯანელიძის თაოსნობით ეწყობოდა ხალხური თეატრალური სანახაობების შემსწავლელი ექსპედიციები. 1968 წელს თეატრალურმა ინსტიტუტმა გამოსცა კვლევითი სექტორის შრომების პირველი კრებული ,,თეატრმცოდნეობითი ძიებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე), რომელიც 1994 წლამდე გამოდიოდა. მოგვიანებით, კრებულის გამოცემა განახლდა სახელწოდებით ,,თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“.
1995 წლიდან, „თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით სექტორს“ დიმიტრი ჯანელიძის სახელი ეწოდა და კვლევით ცენტრად ჩამოყალიბდა. მას სათავეში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრმცოდნე დალი მუმლაძე ჩაუდგა. XXI საუკუნის დასაწყისში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ორგანიზაციული სტრუქტურა კვლავ შეიცვალა. გაიყო ორ ნაწილად – თეატრისა და კინოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებად. სხვადასხვა დროს მათი ხელმძღვანელები იყვნენ: პროფესორები ვასილ კიკნაძე, ნოდარ გურაბანიძე, გიორგი დოლიძე, ეთერ ოკუჯავა.
თანამედროვეობა
2017 წლის მიწურულს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული „დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“, რომლის სამეცნიერო ძიებათა სპექტრი უნივერსიტეტში მანამდე, სხვადასხვა ფორმით მოქმედი კვლევითი სტრუქტურებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და, თეატრმცოდნეობასა და კინომცოდნეობასთან ერთად, მოიცვა სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის, ქორეოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, მუსიკოლოგიის, კულტუროლოგიისა და სახელოვნებო განათლების მიმართულებები.
სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს თეატროლოგი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – გიორგი ცქიტიშვილი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ირმა დოლიძე. მცირერიცხოვანი შემადგენლობის მიუხედავად, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა მიმართულების მკვლევარები (მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები, მეცნიერ-თანამშრომლები, ასისტენტ-მკვლევარები): კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ლია კალანდარიშვილი, თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – თამარ ქუთათელაძე, გერმანისტი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – მანანა პაიჭაძე, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ხათუნა დამჩიძე, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი – ქეთევან ელაშვილი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – გიორგი რაზმაძე, ხელოვნებათმცოდნეები: ეკატერინე თაბუკაშვილი და მარიამ უშხვანი.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ყოველწლიურად გამოსცემს სამეცნიერო შრომების კრებულს – „Art კვლევები“ (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე), რომელშიც, ქართული კულტურის ისტორიისა და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების ამსახველ კვლევებთან ერთად, წარმოდგენილია სასწავლო რესურსად მოაზრებული ნაშრომებიც. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ასევე, მუზეუმის კოლექციებში დაცული ნიმუშების ატრიბუციასა და წარმოჩენას. https://artresearches.tafu.edu.ge/
სამეცნიერო კვლევებთან ერთად, ინსტიტუტი მუშაობს სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, თარგმანების მომზადებაზე თეატრმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობისა და კულტუროლოგიის მიმართულებებით.
ინსტიტუტს ხელმძღვანელობს – დირექტორი. ინსტიტუტის უმაღლესი ორგანოა -სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წარმოდგენილია უნივერსიტეტის აკადემიურ, წარმომადგენლობით და სადისერტაციო საბჭოებში.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რამდენიმეწლიანი არსებობის პერიოდში, მომზადებული და გამოცემულია ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის – „ART კვლევები“ – ხუთი წიგნი (2019-2023), რომლებშიც ასახულია ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ყოველწლიური კვლევის შედეგები. ამ კვლევევბის გარდა, ინსტიტუტში მომზადდა მონოგრაფიები, დამხამარე სახელმძღვანელოები, თარგმანები. ისინი გამოცემულია უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ 100-ზე მეტი სამეცნიერო, სამცნიერო-პოპულარული სტატიაა გამოქვეყნებული პერიოდულ გამოცემებში. ინსტიტუტის თანამშრომელები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე.
2023 წელს დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო სესია – „ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“.
2024 წლიდან დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ინიციატივას და დააფუძნა სამეცნიერო პლატფორმა „Art დისკურსი“, რომლის მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადმიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაცნობა-გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით. სამეცნიერო პლატფორმა„Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და ყოველთვიურად იმართება.
„Art დისკურსის“ფარგლებში კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილია უახლესი კვლევების შედეგები ხელოვნებათმცოდნეობის, თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, მედიაკვლევების, კულტუროლოგიის, ქორეოლოგიის მიმართულებებით. დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი მზარდი პოტენციალის მქონე კვლევითი სტრუქტურაა, რომელიც აგრძელებს ათწლეულების ტრადიციას და, ამავდროულად, ფართოდ უღებს კარს ახალ, თანამედროვე მიდომებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №40.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის II კორპუსი.
ოთახი №220.
ტელეფონი: +995 577 28 87 08. +995 577 27 00 45
ელ. ფოსტა: art.researches@tafu.edu.ge