თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
“ამირანი 2026“
20–25 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იქნება გოდერძი ჩოხელის ფილმი „ადგილის დედა“ (1976 წ. 21 წთ) და მოეწყობა ფოტოგამოფენა. 21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყობა საკონკურსო კინოჩვენებები, მასტერკლასები და კინოსკოლების პრეზენტაციები, ფიჩინგ ფორუმი და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა აერთიანებს 18 ქვეყნის, 23 კინოსკოლის 32 ფილმს, რომელიც ნაჩვენები იქნება 4 პროგრამად. 21 – 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, უნივერსიტეტში, ელდარ შენგელაიას სახელობის კინოდარბაზსა და პირველი სართულის წითელ დარბაზში კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება.
საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები არიან ლონდონის კინოსკოლის პროფესორი კრის ოტი, რუმინეთის კინოსკოლის პროფესორი დორუ ნიტესკუ და ქართველი კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი. 25 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე ჟიური გამოაცხადებს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
- ფესტივალის გრან-პრი;
- საუკეთესო მხატვრული ფილმი;
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი.
ღონისძიებაზე, ასევე გაიცემა სპეციალური დიპლომები იმ კინოპროფესიების მიხედვით, რომლებიც ისწავლება კინოსკოლებში.
ასევე, სტუდენტური ჟიური – თინათინ ასათიანი, სალომე გოგოლი და მარიამ ნიჟარაძე გადასცემენ პრიზს თავის რჩეულ ფილმს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტრადიციული ინდუსტრიული პლატფორმა PITCHING FORUM, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება 7 პროექტი.
ტუტორი ვახტანგ ჯაჯანიძე, სამი დღის მანძილზე ჩაატარებს ტრენინგს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის განვითარებაში, ხოლო 24 ოქტომბერს მონაწილეები წარუდგენენ დამუშავებულ პროექტებს ფორუმის ჟიურის წევრებს: გიორგი ხარებავა, თათია ახალშენაშვილი, მარია სიჩანინი.
I, II და III ადგილზე გასული პროექტების ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციებისგან, ხოლო საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა” გადასცემს ფულად ჯილდოს თავის რჩეულ პროექტს.
ფესტივალის პროგრამაში არის პოლონელი კინოოპერატორის პიოტრ დუდაკის და ლონდონის კინოსკოლის პროფესორის კრის ოტის მასტერკლასები. ასევე, რუმინეთის UNATC, ინდოეთის SATYAJIT RAY FILM AND TELEVISION INSTITUTE და ბრიტანეთის LONDON FILM SCHOOL წარმომადგენლები გააკეთებენ კინოსკოლების პრეზენტაციებს. ასევე, მოეწყობა ვიშეგრადის (სლოვაკეთი) ფორუმის პრეზენტაცია, რომელსაც ტერეზა კრავეცოვა გააკეთებს.
ფესტივალის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე ჩატარდება უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საკონკურსო კინოპროგრამის და ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები, ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნება 2026 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი.
თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ამირანი” დაარსდა 1980-იან წლებში. საბჭოთა კავშირში მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა როგორც ყველაზე თავისუფალმა სტუდენტურმა პლატფორმამ, გამოავლინა და საზოგადოებას გააცნო იმ თაობის არაერთი ნიჭიერი კინოხელოვანი. 2008 წელს ფესტივალი აღდგა როგორც საერთაშორისო პლატფორმა, სახელი მოიხვეჭა მთელი პლანეტის მასშტაბით, უმასპინძლა არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას, სფეროს პროფესიონალს და საინტერესო ფილმს. ფესტივალის პრიზები კი მსოფლიოს არაერთი კინოსკოლის მიღწევათა საპატიო ჩამონათვალშია.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, კომპანიები TERRA KISI და LEPERT, რესტორანი „შავი ლომი“.
ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ
