2025 წლის 21-22 ივნისი
უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შალუტაშვილი და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე (მაკა) ვასაძე 2025 წლის 21-22 ივნისს მიწვეულები იყვნენ, ლუციან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ – საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის სფეროებში დოქტორანტურის კვლევის საერთაშორისო პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაზე.
საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის სფეროებში დოქტორანტურის კვლევის საერთაშორისო პლატფორმის მთავარი მიზანია სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კონტექსტში ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობისა და თეატრალური კვლევის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სიბიუს ლუციან ბლაგას უნივერსიტეტმა პარტნიორობა დაამყარა სხვა მნიშვნელოვან უნივერსიტეტებთან: სორბონა ახალი უნივერსიტეტი, პარიზი 3 (საფრანგეთი); ლიდს ბეკეტის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); იორკის წმინდა ჯონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ფოლკვანგის ხელოვნების უნივერსიტეტი (გერმანია); ბრაუნის უნივერსიტეტი (აშშ); საფოლკის სათემო კოლეჯი (აშშ); პეისის უნივერსიტეტი (აშშ); დრამის ცენტრალური აკადემია (ჩინეთი); იაპონიის ქალთა უნივერსიტეტი (იაპონია); ნაგოიას საქალაქო უნივერსიტეტი (იაპონია); ნიჰონის უნივერსიტეტი (იაპონია); პეკინის ცეკვის აკადემია (ჩინეთი); შანხაის თეატრალური აკადემია (ჩინეთი); მოსკოვის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი); ვასედას უნივერსიტეტი (იაპონია); მონქტონის უნივერსიტეტი (კანადა); მუსიკის, თეატრისა და სახვითი ხელოვნების აკადემია (მოლდოვა), კანადის თეატრის ეროვნული სკოლა (კანადა).
საერთაშორისო პლატფორმა ყოველწლიურად შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს ახალგაზრდა და ცნობილ მკვლევრებს შორის დიალოგისა და აკადემიური ურთიერთქმედებისთვის, სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უნიკალური ჩარჩოების ფარგლებში.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ – მადლობის თქმის ხელოვნება – თეატრი და კულტურული დიპლომატია.
გიორგი შალუტაშვილმა პლენალურ სხდომაზე გააკეთა მოხსენება:
კოტე მარჯანიშვილი და კულტურული დიპლომატია 1920-იან წლებში.
გიორგი შალუტაშვილმა ისაუბრა საქართველოში სარეჟისორო თეატრის დაბადებაზე. კოტე მარჯანიშვილზე, როგორც თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებელზე. კოტე მარჯანიშვილის რეჟისურაზე. გაავლო პარალელები იმ პერიოდის ქართულ და ევროპულ თეატრებში მიმდინარე ძიებებზე, საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
მარინე (მაკა) ვასაძე პლენარულ სხდომაზე წარსდგა მოხსენებით:
რობერტ სტურუა – ქართული თეატრის დესპანი მსოფლიო სცენაზე
მარინე (მაკა) ვასაძემ მოხსენებაში მოკლედ წარმოაჩინა ქართული თეატრის წინამძღვრები, რატომ არ იყო ცნობილი ქართული თეატრი დანარჩენი მსოფლიოსთვის რობერტ სტურუას სპექტაკლებამდე, დაასახელა ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზები. დეტალურად გაანალიზა რობერტ სტურუას სარეჟისორო ენის ფენომენი, რა შედეგი მოგვცა ბრეხტის ეპიკური თეორიის, გაუცხოების მეთოდის და ქართული ნაციონალური თეატრის სიმბიოზმა, დასკვნის სახით ჩამოაყალიბა, თუ რატომ არის რობერტ სტურუა ქართული თეატრის დესპანი მსოფლიო სცენაზე.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაზე ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა პროდუქტიული იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. დაიგეგმა თბილისში უნივერსიტეტის ბაზაზე რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრის“ დადგმიდან 50 წლის აღსანიშნაად კონფერენციის გამართვა უნივერსიტეტის ბაზაზე, ასევე, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა მასტერკლასების და ვორქშოფების ჩასატარებლად.