მაგისტრატურა – სილაბუსების ანოტაციები
რეჟისურის ოსტატობა (დრამის)
კურსის მიზანია რეჟისორ – პედაგოგის აღზრდა, რომელსაც კურსის დამთავრების შემდეგ შეეძლება თვითონ აღზარდოს მომავალი მსახიობები და რეჟისორები, სათავეში ჩაუდგეს თეატრალურ კოლექტივს, დაუფლებული იქნება სპექტაკლის დადგმის ხელოვნებას, აქტიორთან მუშაობისა და მისი აღზრდის მეთოდოლოგიას.
პროფესიონალი რეჟისორის აღზრდის სასწავლო მეთოდოლოგია თავისი სტრუქტურით წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილების სინქრონულ პარალელში მიმდინარე პროცესს. მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმით.
კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტი შეძლებს სწორად შეაფასოს სცენიური ნაწარმოების მთლიანობისა და მისი შემადგენელი კომპონენტები. გააცნობიერებს თეატრალური ხელოვნების განმასხვავებელ ნიშნებს: ქმედითი სიტყვა, მოვლენა, კონფლიქტი, მოქმედება. შესძლებს განასხვაოს სხვადასხვა თეატრალური სისტემები და სპექტაკლის ფორმები. გამოიმუშავებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
კურსის ათვისების შემდგომ სტუდენტს ეცოდინება რეჟისორის ოსტატობის, სასცენო კომპოზიციის, სპექტაკლის ჟანრისა (ოპერა, ბალეტი, დრამა) თუ სცენის ტექნიკური თავისებურებებიდან (წრე, ღია სივრცე, განსაკუთრებული ტექნიკური აღჭურვილობა ან მისი უქონლობა) გამომდინარე, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის თავისებურებანი. რეჟისორის მუშაობის მიმართულებები – მუშაობა მსახიობთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, ქორეოგრაფთან, ხმისა და განათების დიზაინერთან, ტექნიკურ პერსონალთან, სადადგმო ნაწილის გამგესთან.
მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმები
თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი თანამედროვე მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ზოგადად თეატრის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. დღევანდელი მსახიობი უპირველესად ანალიტიკოსია და ამის შედეგად – პრაქტიკოსი. სასწავლო კურსის პროგრამა ,,მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმები’’ საშუალებას იძლევა სამაგისტრო დონეზე განხორციელდეს თანამედროვე მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების არსის, ავტორისეული ნაწარმოებისა თუ პერსონაჟის სცენურ სახეში ტრანსფორმაციის პროცესის გააზრება, აგრეთვე ინტერპრეტაციულ-მამოდელირებელი საქმიანობის შესაწავლა. ,,მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმების’’ სამაგისტრო კურსის მიზანია მომზადდეს მსახიობ-შემოქმედი, მსახიობ-პედაგოგი და მსახიობ-მკვლევარი, რომელსაც ხელეწიფება გახდეს შემოქმედებითი პროცესის აქტიური თანამონაწილე, საკუთარი როლის ავტორი და რეჟისორი, საკუთარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მმართველი. აღნიშნული სამაგისტრო კურსით მომზადდება ხელოვანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმათა (მსახიობის სიტყვა, ჟესტი, ნიღაბი და სხვა) ევოლუცია-დეგრადაციის პროცესის ძირითადი საფუძვლები, მისი ტენდენციები. მსახიობ-ანალიტიკოსის მომზადება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ უზრუნველყოს მაგისტრანტის წარმატებული პრაქტიკული მოღვაწეობის წინაპირობა, შეძლოს აქტიურად ჩაერთოს რეჟისორთან თანაშემოქმედებით პროცესში, თავადაც წარმართოს დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძიებები, თავადაც განჭვრიტოს სამსახიობო თუ ზოგადად თეატრალური ხელოვნების განვითარების პერსპექტივები.
მსახიობის ოსტატობა
აღნიშნული კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საშუალება გამოავლინოს შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, მხატვრული აზროვნება, მაღალი გემოვნება და ინტელექტი, გამართული მეტყველების კულტურა, ლოგიკური აზროვნება, ემოცია, ორგანული და გააზრებული მოქმედება, ფანტაზიისა და შეთხზვის უნარი. კურსი მოიცავს თეორიულ ლექციებს, რეპეტიციებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს. თეორიული ლექციები დაეთმობა საუბრებს თეატრზე, მის მნიშვნელობას, თეატრის სინთეზურ ბუნებას, სტანისლავსკის სისტემის მნიშვნელობას სწავლების მეთოდოლოგიაში, მსახიობის ოსტატობის ელემენტებს. სტუდენტი შეისწავლის ღრმად ჩასწვდეს ლიტერატურულ მასალაში არსებულ პრობლემებს. მას შეეძლება როგორც სცენაზე, ასევე კინოსა თუ ტელევიზიაში ორგანული მოქმედება მაყურებელზე, შემოქმედებით ჯგუფზე; სტუდენტებზე ზემოქმედება და მისი დაინტერესება ნაწარმოების იდეით.
სასცენო სივრცის ათვისება
კურსის მიზანია ჩამოყალიბდეს მრავალმხრივ განათლებული, იდეალურად მომწიფებული ხელოვანი და პედაგოგ-მკვლევარი. მისი შემოქმედებითი და მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა ეფუძნებოდეს მაღალ ზნეობრივ კატეგორიებს. მაგისტრანტი დაეუფლება მსახიობ-პედაგოგისათვის აუცილებელ გამომსახველ ფორმებს – ხმის, მეტყველების, მიმიკის, პლასტიკის, რითმიკის, ტემპო-რიტმის სწორი და გააზრებული მართვის ხელოვნებას. იგი შეძლებს ორგანული მოქმედების განხორცილებას შეთხზულ გარემოში. აღნიშნული კურსით ჩამოყალიბდება ისეთი შემოქმედი, რომესაც შეეძლება მიღებული ცოდნის სწორი, გააზრებული მართვა და მისი გადაცემა. სიღრმისეულად გააცნობიერებს თუ როგორ იქმნება გმირის ლოგიკის, გმირის გემოვნების, გმირის ფიზიკური თუ სულიერი განცდების სცენური ქმედება საკუთარი, ინდივიდუალური გრძნობებისა და სხეულის. მაგისტრანტი გააღრმავებს ცოდნას გარდასახვის თეორიული თუ პრაქტიკულ სფეროში, რომ შეძლოს შემოქმედებით კოლექტივთან წარმატებული მუშაობა, მაყურებელზე და სტუდენტზე გააზრებული შედეგიანი ზემოქმედება.
სასცენო მეტყველების თეორია და პრაქტიკა
კურსის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პედაგოგები სასცენო მეტყველების დარგში. მაგისტრანტები თეორიულად და პრაკტიკულად დაეუფლებიან სწორი მეტყველების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ საკითხებს, ენათმეცნიერებისა და ლოგოპედია-დეფექტოლოგიის საფუძვლებს. მათ შეეძლებათ მეტყველებაში არსებულ ნაკლოვანებათა დანახვა, დარღვევების გამოსწორება, სწორი ბგერის დაყენება-კორექცია. მეტყველების
ტექნიკური და შემოქმედებითი მხარის წარმართვა.
დრამატურგის ოსტატობა
კურსის მიზანია მომავალ დრამატურგებს მისცეს მათთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ორიგინალური პიესისა თუ ინსცენირების შესაქმნელად. კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტი დაეუფლება დრამატული ნაწარმოების თეატრალური ანალიზის უნარს, უკეთ ჩასწვდება პიესის მთავარ სათქმელს. პიესის კომპოზიციური აგებულების თავისებურებებს, ეპოქების მიხედვით დრამატურგიული ხასიათების განვითარების თავისებურებებს, პიესების ტოპოლოგიურ და ჟანრობრივ განსხვავებებს, დრამატურგიულ კონცეპტუალიზმს. ისწავლის ქვეტექსტის ამოკითხვას, სიტყვებზე მუშაობას, შეძლებს დრამატურგის გრძნობათა ბუნების გათავისებას, რაც მის მომავალ შემოქმედებაზეც უცილობლად აისახება.
რეჟისურის საფუძვლები
ამ კურსით სტუდენტი ეცნობა სპექტაკლის დადგმის ხელოვნებას; აქტიორთან მუშაობისა და მისი აღზრდის მეთოდოლოგიას; შესაძლებლობებს თუ როგორ შემოიკრიბოს თანამზრახველი კოლეგები და წარმართოს ისინი საკუთარი ნების მიხედვით; თუ როგორ შექმნას შემოქმედებითი, ძალდაუტენებელი თავისუფალი ატმოსფერო; შეისწავლის როგორ გამოიმუშავდება დროთა განმავლობაში საკუთარი სარეპეტიციო მეთოდი; ჩამოაყალიბებს სადადგმო კონცეფციას და არ გახდება თავისივე ჩანაფიქრის მონა; ჯეროვნად შეაფასებს შენიშვნებს და გაითვალისწინებს მათი სარგებლობის ხარისხს; პარალელურად ეცნობა ქართულ და საზღვარგარეთის პროზას, პოეზიას, დრამატურგიას; აუცილებელია ქართული და მსოფლიო კლსიკური თანამედროვე მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურის, კინოს, ქანდაკების ხელოვნების, ბალეტის ნიმუშების ღრმა შესწავლა; შემოქმედებითი ფსიქოლოგიის პრინციპებში გარკვევა; განწყობის თეორიის დებულებებში გარკვევა; ეცნობა მსოფლიოს კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ ღირებულებებს; ერკვევა პოლიტიკაში; მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის ძირითად ეტაპებსა და რელიგიურ სისტემებში. ყურადღება ექცევა ქართულ ენას, მის დიალექტებს; ქართულ ფოლკლორს/ლიტერატურა, მუსიკა, ქორეოგრაფია/ იმ ქვაკუთხედს, რომლიდანაც აღმოცენდება ეროვნული სანახაობა! შეისწავლიან წარსულის და თანამედროვე რეჟისორებისა და პედაგოგების მოძღვრებათა შემოქმედებით-პედაგოგიური სისტემების გამოყენებას და გათვალისწინებას. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს, თეორიულ ლექციებს და სემინარებს, პრაქტიკული ვორქშოპებს, მიმდინარე სპექტაკლების, მსოფლიო გამოჩენილ რეჟისორთა სპექტაკლების ვიდეოჩანაწერთა განხილვას.
ორატორული ხელოვნება
კურსი მიზნად ისახავს აღზარდოს მაღალკვალიფიციური პედაგოგები საორატორო ხელოვნების და მეტყველების კულტურის დარგში. არის მოღვაწეობის ისეთი სფეროები, სადაც სიტყვა ერთერთი მთავარი გამომსახველობითი საშუალებაა. ორატორული ხელოვნების ფლობა კი მათი პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მჭევრმეტყველება ის აუცილებელი გამომსახველობითი საშუალებაა, რომელმაც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად განსაზღვროს ამა თუ იმ პიროვნების კარიერა და პერსპექტივა.
სცენოგრაფიის ოსტატობა
სამაგისტრო კურსი მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული მხატვარი-სცენოგრაფი, რომელიც შეძლებს სპექტაკლის გადაწყვიტას დამდგმელ რეჟისორთან ერთად და ერთობლივი ჩანაფიქრის განხორციელებას პიესის თუ მუსიკალური ნაწარმოებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფორმით.
წარმატებული პრაქტიკული სამუშაუების შემდეგ, რომელსაც მხატვარი-სცენოგრაფი უნივერსიტეტის სასწავლო სცენაზე, ასევე მაგისტრანტ-რეჟისორთან ან რეჟისორ-პედაგოგთან ერთად გაივლის (იგულისხმება სადიპლომო სპექტაკლი) მას გზა ეხსნება შემდგომი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
კომპიუტერული ანიმაცია (ვირტუალური კომპლექსური მაკეტი – მულტიმედია)
სტუდენტი გაეცნობა სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკის თეორიულ საფუძვლებს, განივითარებს სივრცულ აზროვნებას, გამოიმუშავებს სამგანზომილებიან პროგრამებთან მუშაობის მტკიცე პრაქტიკული უნარ-ჩვევების. შეისწავლება სამგანზომილებიანი მოდელირების სხვადასხვა მეთოდები. სამგანზომილებიან ობიექტებზე ტექსტურების დანიშვნა, ვირტუალურ განათებასთან მუშაობა და რენდერინგი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათების რთული ეფექტების შექმნას (Volumic light, Caustic, Global illumination, Final gathering).
ვოკალის ოსტატობა – თეორია და პრაქტიკა
ბევრი კურსდამთავრებული წარმატებით მოღვაწეობს მუსიკალურ თეატრში, საქართველოს ფილარმონიაში. მაგრამ მათ ვოკალის სწავლების და ვოკალის თეორიის სწავლების უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. კურსის მიზანია ვოკალისტ-პედაგოგის მომზადება, ისინი გასწევენ როგორც პედაგოგიურ, ასევე შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. შეიძენენ დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევებს: მასალის მოძიებას, დამუშავებას, კლასიფიკაციას, სტუდენტის პროფესიული აღზრდის მეთოდიკას. პროგრამის ათვისების შემდეგ მაგისტრანტი დაეუფლება ვოკალური ხელოვნების ახალ მიღწევებს და ბაკალავრიატში მისი დანერგვის ხელოვნებას. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა და თეორიული მომზადებისა, მაგისტრანტი შეიძენს მდიდარ მეცნიერულ ცოდნას, რაც უფრო სრულყოფს მისი, როგორც პედაგოგის კვალიფიკაციას.
სცენოგრაფიის საფუძვლები
კურსის მიზანია მაგისტრანტმა შეისწავლოს სცენოგრაფიის ხელოვნების და სამოსის ისტორიული რეტროსპექტივა და თანამედროვე ინტერპრეტაციის და სტილიზაციის საშუალებები და მაგალითები. სტუდენტები გაეცნობიან მხატვრული ესკიზებისა და მაკეტების შექმნის სტადიებს და შესრულების მეთოდებს, სცენის ტექნოლოგიურ აღჭურვილობას და სპექტაკლის განათების საშუალებებს. განიხილება სცენიური სივრცის რეჟისორული და მხატვრული ათვისების ძირითადი მიდგომები და პრინციპული განსხვავებები. აგრეთვე გაირჩევა თეატრალური დადგმების ჟანრული თავისებურებები და განსხვავებები, მათი ასახვა სცენოგრაფიულ გადაწყვეტილებებში.აგრეთვე, პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევას სასწავლო დადგმების განხორციელებისას.
ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების (ქორეოგრაფიის) ოსტატობა
კურსის მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის _ ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პედაგოგის მომზადება, როგორც შემოქმედებითი პედაგოგიკის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის. მაგისტრანტი დაეუფლება თნამედროვე ქორეოგრაფიული ხელოვნების მიღწევებს და ბაკალავრიატში მისი დანერგვის ხელოვნებას. კურსი გულისხმობს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას. პრაქტიკული მეცადინეობები ისახავენ ამოცანას – მუსიკალური მასალის საფუძველზე, სტუდენტთათვის მისაწვდომი, ქორეოგრაფიული კომპოზიციების შექმნას, რომლებიც, თავის მხრივ, იგება ცეკვის ნახაზის განვითარებასა და საცეკვაო მოძრაობათა მინიმალურ გამოყენებაზე.
ცეკვის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია
კურსის მიზანია სადადგმო ხელოვნებისა და ქართული ცეკვის პედაგოგთა პროფესიული მომზადება, რომელიც დამყარებულია სისტემათა საერთო პრინციპებზე ცეკვის დადგმისა და ქორეოგრაფიული გაკვეთილების ჩატარების ცალკეულ ხერხებსა და მეთოდოლოგიაზე.
აღნიშნული კურსი სტუდენტთა მიერ სისტემათა საერთო პრინციპებისა და ქორეოგრაფიული გაკვეთილების ჩატარების ცალკეული ხერხების გაგება-ჩაწვდომაზეა მიმართული. იგი ითვალისწინებს თეორიული ცოდნის ათვისებას ქორეოგრაფიული განათლების მეთოდიკის სფეროში. ქორეოგრაფიულ-პედაგოგიური უნარ-ჩვევების ფორმირებას, განვითარებას და მათ განმტკიცებას პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს.
თანამედროვე ქორეოგრაფიული ანსამბლები
სტუდენტები შეითვისებენ ქორეოგრაფიული ანსამბლების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას, მათი ხელმძღვანელების შემოქმედებას, განსაკუთრებით იმ ქართულ ხალხურ ცეკვებს, რომლებითაც გაითქვა სახელი ამა თუ იმ ანსამბლმა და დამდგმელმა ქორეოგრაფმა. შეისწავლის საარქივო მასალა.
ცეკვის ჩაწერა – ქორეოგრაფიული ნიმუშების ფიქსირება
კურსის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ თეორიული ცოდნა დაეუფლონ ავთენტური და სასცენო-ხალხური ცეკვების ჩაწერა-ფიქსირებას და გამოჩენილი ქორეოგრაფების მიერ ჩაწერილი ცეკვების წაკითხვის უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს ქორეოგრა-ფიული ლიტერატურის ფონდის გამდიდრებას, საუკეთესო ქორეოგრაფიული ნიმუშების ფიქსირებას, ფოლკლორული მასალების შეკრება-შეგროვებას. სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას.
ქართული ხალხური სიმღერისა და სამგალობლო ხელოვნების ოსტატობა
მომავალი სპეციალისტები (მაგისტრანტები) კიდევ უფრო საფუძვლიანად და ღრმად შეისწავლიან საქართველოს ეთნო-სამუსიკო კუთხეების მაღალი დონის სასიმღერო და საეკლესიო გალობის აღმოსავლურ (დავით გარეჯი, იყალთო) და დასავლურ (გელათი, მარტვილი, შემოქმედი) სამგალობლო ნიმუშებს. გაიღრმავებენ სწავლების პირველ საფეხურზე შეძენილ ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და სათანადო საშემსრულებლო გუნდების (ანსამბლების) შექმნის ხელოვნებას. ღრმად და საფუძვლიანად (სამეცნიერო დონეზე) შეისწავლიან მოცემული მაპროფილებელი ციკლის დისციპლინებს და ტრადიციულ სიმღერა-გალობასთან დაკავშირებულ ყველა წესსა და რიტუალს.
დირიჟორობა
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს სათანადო პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ_ჩვევები სხვადასხვა სახის გუნდების, კერძოდ, ქართული ხალხური გუნდის და ანსამბლების, საეკლესიო გუნდის მართვის – დირიჟორობის საქმეში; სადირიჟორო ტექნოლოგიის ნიუანსების ცოდნა; შეისწავლოს მარტივი და რთული სადირიჟორო სქემები; აუფტაქტების ჩვენება; მოხსნა და სხვა.
ქართული სამუსიკო ფოლკლორი
კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერისა და სამგალობლო ხელოვნების კანონზომიერებანი, ქართული მუსიკალური ფოლკლორის თეორია, ჟანრები, დიალექტები, მათი სპეციფიკისა და თავისბურებების გათვალისწინებით.
თავისუფალი იმპროვიზაცია
სასწავლო კურსის მიზანია შესწავლილ იქნეს ქართული ტრადიციული სასიმღერო საშემსრულებლო ხელოვნების თავისებურება თავისუფალი იმპროვიზაციის კუთხით და მისი (იმპროვიზაციების) წარმოშობისა და განვითარების ძიება ცნობილ შემსრულებელთა შემოქმედებაში.