დოქტორანტურა – სილაბუსების ანოტაციები
  • რეჟისურის თეორია და პრაქტიკა

კურსის მიზანია დრამატული (და სხვა ჟანრის) თეატრის ანალიტიკოსი დამდგმელი რეჟისორის, პედაგოგისა და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისათვის მზადმყოფი ხელოვანის მომზადება, მისი შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ანალიტიკური პოტენციალის განვითარება.

აღნიშნული კურსის ათვისების შედეგად კურსდამთავრებული შეძლებს როგორც დამდგმელი რეჟისორ-ანალიტიკოსის პრაქტიკულ შემოქმედებით მოღვაწეობას მაღალკვალიფიციურ დონეზე, ასევე სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის წარმართვას, აკადემიურ საქმიანობას, პედაგოგიურ მუშაობას, სადადგმო რეჟისურის სწავლების საკუთარი მეთოდოლოგიის შემუშავებას და სხვა.

  • სპეც.  სემინარი – მუშაობა  რეჟისორთან

კურსი  მიზნად  ისახავს  სასცენო  ხელოვნების სწავლების და  აღზრდის  ძირითადი  მეთოდოლოგიური  პრინციპების   დაუფლებას. 

კურსი მოიცავს ამერიკის,  ევროპის,  ასევე საქართველოს ცნობილ პრაქტიკოს/რეჟისორთა  და რეჟისორ/პედაგოგთა  ფუნდამენტურ  თეორიებს  და  მეთოდოლოგიებს,  რომელთა  კონცეპტუალურ/ანალიტიკური  შესწავლა,  მათი  პრაქტიკაში  გამოყენების,     რეჟისურის  ოსტატობის  და  შემოქმედებითი  პედაგოგიკის   თავისებურებების    გააზრების  საშუალებას  იძლევა,  ამასთანავე     მამოდელირებული  საქმიანობის  კვლევა – შესწავლას  ახდენს.

  კურსი  სადადგმო  და  საშემსრულებლო  კულტურის  კვლევას  ახალი  მხატვრულ – ესთეტიკური  ღირებულებების,  ახალი  ფორმებისა  და  მეთოდების  პრაქტიკულ  საქმიანობაში  განხორციელებასა  და  დანერგვას  ისახავს  მიზნად,    დაფუძნებულია  პრაქტიკულ  კომპონენტზე  და  კონკრეტული  დავალებების  შესრულება/პრეზენტაციას  მოიაზრებს.

კურსი  მიზნად  ისახავს  დოქტორანტებს  მისცეს  გაღრმავებული  ცოდნა  თანამედროვე  სათეატრო  ხელოვნებაში,  სადადგმო  და  საშემსრულებლო  კულტურის,  სათეატრო  პედაგოგიკის  კვლევის  ტრადიციულ  და  თანამედროვე,   ინოვაციურ  ფორმებსა  და  მეთოდოლოგიაში.  კურსის  მიზანია  დოქტორანტი  ჩამოაყალიბოს,  როგორც  დამოუკიდებელი  თანამედროვე  შემოქმედ – რეჟისორი,  მეცნიერი,  მკვლევარი,  ასევე  მოამზადოს  იგი უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  აკადემიური  მოღვაწეობისთვის. 

  • ქართული თეატრის ეთნოგენური თავისებურებანი და ჟანრული სტრუქტურა

კურსის მიზანია შესწავლილ იქნეს ქართული თეატრის ეთნოგენური თავისებურება, მისი ეტაპები, სამსახიობო და სარეჟისორო თეატრის კონცეპტუალური ხასიათი, ,,თამაშის“ ფენომენის ეროვნული სათავეებისა და მისი განვითარების საფუძვლების ძიება.

  • ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია დრამატულ თეატრში. (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)

კურსის მიზანია გამოუმუშავოს დოქტორანტებში მხატვრული ტექსტის კითხვის ანალიზური მეთოდი, დაანახოს მათ ტექსტის საზრისი, მისი (მთავარი და მეორეხარისხოვანი) პერსონაჟების ადგილი და დანიშნულება, შეასწავლოს ტექსტის სეგმენტიზაციის პრინციპი და პირუკუ – სეგმენტების კვლავ ერთ მთლიანობად შეკვრის ხერხი. ყოველივე ამის საფუძველზე დოქტორანტებმა უნდა შეძლონ განიხილონ ამ ტექსტების სცენური ავტორიზებული ვერსიები – რეჟისურის და სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით (პლუს ყველა შემავალი კომპონენტის – მუსიკა, განათება, კოსტიუმები, პაუზები და სხვა გათვალისწინებით)

  • მოდერნისა და პოსტმოდერნის ესთეტიკა

სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტების მიერ მოდერნისა და მოდერნიზმის, პოსტმოდერნისა და პოსტმოდერნიზმის თავისებურებზე რეფლექსიის განხორციელებაა. სტუდენტები ცოდნას მიიღებენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ კულტურათა მახასიათებლების შესახებ.  სტუდენტებისათვის საინტერესო იქნება მსჯელობა მოდერნიზმამდელი და პოსტმოდერნიზმამდელი დასავლური კუკულტურის ურთიერთმიმართების ძირითად ასპექტებზე მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ კულტურებთან. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება იმაზე მსჯელობაც, რომ თანამედროვე ავტორები, პოსმოდერნისტული კულტურის რაობის გაგების გზაზე ულტრათანამედროვე ხელოვნების ანალიზიდან ამოდიან, რამდენადაც ხელოვნება, კულტურის ყველაზე მკვეთრი სახეა. შესაბამისად, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ყურადღების იმაზე გამახვილებაც, რატომ არის პოსტმოდერნისტულ „ტრანს“ განსაზღვრულობებს შორის ყველაზე ყოვლისმომცველი „ტრანსესთეტიკური“. სწავლების საბოლოო მიზანი იმ თეორიული ცოდნის დაუფლებაა, რომელიც საჭირო და აუცილებელია მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ მდგომარეობათა და მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ცნებათა გაგება – გააზრების თვალსაზრისით.  

  • ქორეოგრაფიის სინთეზურობა – ინტერდარგობრივი კვლევა

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლას საცეკვაო ნიმუშის სინთეზური ბუნების გათვალისწინებით. ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამომსახველობითი ხერხების ერთობლიობა, რომელიც ქორეოგრაფიული ნიმუშის სინკრეტულობას განაპირობებს, კვლევის პროცესში მოითხოვს ინტერდარგობრივი კავშირების დადგენას, მათ შესწავლასა და ანალიზს. აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანს ამგვარი, ხელოვნების დარგთაშორის ურთიერთკავშირების კვლევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამასთანავე, დოქტორანტი უღრმავდება მის მიერ შერჩეული საკვალიფიკაციო ნაშრომის თემატიკის ინტერდარგობრივ ფორმებს და ამ საკითხის დეტალურ განხილვას ახდენს. 

  • სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი

კურსის მიზანია სიმბოლოლოგიურ ჭრილში გააცნობიერებინოს სტუდენტს არამარტო მწერლობა, არამედ მისი ინტეგრირება სასცენო ხელოვნებაში. რადგან სიმბოლოს უნივერსალური არსი ყოვლისმწვდომია, ის სიღრისეულად ითავისებს მხატვრულ ტრანსფორმაციას. თუმცა ამისთვის მაგისტრანტს ჭირდება გაერკვეს ქრესტომათიულ ლიტერატურულ სიმბოლოებში და შეიცნოს „პოეტური კანონიკა“. კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს სიმბოლოლოგიური ხასიათის რეფერატის მომზადება.

  • ხელოვნების ფილოსოფია

კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ხელოვნების  განსაზღვრების რა ფილოსოფიურ-ისტორიული მცდელობები არსებობს, ხელოვნება,  როგორც  თამაში, ხელოვნება  და  რელიგია, ხელოვნება და შრომა.  რა ადგილი უკავია ხელოვნებას  კულტურაში,  ხელოვნების საგნის პრობლემა, ასახვა და გამოხატვა, როგორც ხელოვნების ორი ჰიპოსტასი, ხელოვნების ფორმა და შინაარსი, ხელოვნების ფუნქციების პრობლემა, კერძოდ, ხელოვნების კომუნიკაციური, აღმზრდელობითი, ჰედონისტური, შემეცნებითი ფუნქცია, ხელოვანის ემპირიული და შემოქმედებითი „მე“, გნოსეოლოგიური, აქსიოლოგიური, შემოქმედებითი, კომუნიკაციური, მხატვრული პოტენციალი. ტრაგედიის წარმოშობა, ტრაგიკული, როგორც ხელოვნების ძირითადი დარგი და ესთეტიკური კატეგორია.  კომედიის წარმოშობა, კომედია, ესთეტიკური კატეგორია და მისი ფილოსოფიური არსი. ხელოვნება შუა საუკუნეებში, ახალ დროში, პოსტმოდერნულ ეპოქაში  და მისი ფილოსოფიური არსი.

  • მატერიალური  კულტურული მემკვიდრეობა

სასწავლო კურსის მიზანია მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძირითადი პრინციპების გაცნობა, ანალიზი, შესწავლა. კულტურული მემკვიდრეობის მართვის არსებული სისტემისა და მექანიზმების გაცნობა. კვლევითი ხასიათის პროექტის მომზადება კულტურული მემკვიდრეობის სურვილისმებრ შერჩეულ უძრავ და მოძრავ ძეგლზე / ობიექტზე.

სასწავლო კურსის გავლის შედეგად დოქტორანტი შეიძენს ცოდნას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის დაცვისა და კვლევის საკითხებზე.

  • XIX-XX საუკუნეების მსოფლიო ხელოვნების განვითარების ტენდენციები

კურსის  მიზანია დოქტორანტს  სიღრმისეულად გააცნოს  XIX-XX სს. მსოფლიო ხელოვნება,  იმ ძირითადი  კულტუროლოგიური კონცეფციების ფონზე, რომელნიც ჩამოყალიბდნენ  XIX  საუკუნის პირველი  ნახევრიდან  XX  საუკუნის ბოლომდე და რომელთაც განსაზღვრეს ახალი და უახლესი მსოფლიო ხელოვნების განვითარების  ტენდენციები. წარმოდგენილ სასწავლო კურსში  კომპლექსურად განიხილება XIX-XX სს. მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების თავისებურებანი, ყურადღება გამახვილებული იქნება ცალკეული თვალსაჩინო ხელოვანის   შემოქმედებაზე, იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთაც მოიცვეს ხელოვნების დარგები მსოფლიოს სხვადასხვა მერიდიანზე.  კომპარატივისტული მეთოდის გამოყენებით ურთიერთშეჯერებული იქნება  ერთი და იგივე სტილური მიმართულების სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშები და არტეფაქტები.

  • XX საუკუნის ქართული თეატრი

საგნის მიზანია XX საუკუნეში, ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების შესწავლა-გაანალიზება. ნათლად, მკაფიოდ გარკვევა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რომელიც უკავშირდება სათეატრო ხელოვნების ისეთ არსებით ასპექტებს, როგორიცაა სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობა. ამ მიმართულებით, გასული საუკუნე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ესაა შემოქმედებითი ლაბორატორია. ამ პერიოდში ქართულმა თეატრმა, ერთის მხრივ შეინარჩუნა, განავითარა საკუთარი თვითმყოფადობა, ინდივიდუალობა, განუმეორებლობა; მეორეს მხრივ კი დასავლეთ ევროპასა თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თამამად აუწყო ფეხი. XX საუკუნის დასაწყისიდან, კერძოდ კი 10-იანი წლებიდან შემოდის ჩვენში პროფესიული რეჟისურა, რაც უკვე ეროვნული სათეატრო ხელოვნების ახალ საფეხურზე ასვლის ტოლფასი გახლდათ. რომ აღარაფერი ვთქვათ, ისეთი რეჟისორების მოღვაწეობაზე, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. ამდენად, სრულიად განსაკუთრებულია გასული საუკუნის 20-30-იანი წლები. ძიებების თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა 50-60-იანი წლები. ხოლო, ყოველივე ზემოაღნიშნულს აგვირგვინებს მეტად ნაყოფიერი 70-80-ანი წლები.