2026 წლის აგვისტო
2026 წლის 24–29 აგვისტოს ვენის უნივერსიტეტში გაიმართა ბიზანტიის კვლევების 25-ე საერთაშორისო კონგრესი (25th International Congress of Byzantine Studies), რომელშიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროფესორი ნატო გენგიური და ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ოჩხიკიძე. ბიზანტიის კვლევების საერთაშორისო კონგრესი ბიზანტინისტიკის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სამეცნიერო ფორუმია. იგი 1924 წლიდან, დაახლოებით ხუთწლიანი ინტერვალებით იმართება და საუკუნეზე მეტ საერთაშორისო აკადემიურ ტრადიციას აერთიანებს. 2026 წლის კონგრესის პროგრამა დაახლოებით 1500 სამეცნიერო მოხსენებასა და მრავალ თანმხლებ ღონისძიებას მოიცავდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები მონაწილეობდნენ. კონგრესის მთავარი თემა იყო “Byzantium beyond Byzantium”, რომელიც ბიზანტიური კულტურის ფართო გეოგრაფიულ და კულტურულ კონტექსტში კვლევასა და მეზობელ კულტურულ სამყაროებთან ურთიერთობების გააზრებას გულისხმობდა.
ნატო გენგიური და ქეთევან ოჩხიკიძე მონაწილეობდნენ თემატური სესიის — “Sculpture and Architectural Decoration in the Medieval Caucasus” — მუშაობაში და წარადგინეს მოხსენებები: “The Porch as an Architectural Space and Symbol: Medieval Georgian Churches (10th–11th Centuries)” (ნატო გენგიური) და “Eschatological Themes in Medieval Georgian Relief Sculpture” (ქეთევან ოჩხიკიძე). მოხსენებას მოჰყვა პროფესიული დისკუსია და შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან. კონგრესში მონაწილეობამ შესაძლებელი გახადა ქართული შუა საუკუნეების ხელოვნებისა და არქიტექტურის ახალი კვლევითი შედეგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო აკადემიურ ფორუმზე წარდგენა, პროფესიული კავშირების გაღრმავება და ქართული ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევების საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა.
კონგრესში უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.





