საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორმა ანა კვინიკაძემ მონაწილეობა მიიღეს თეატრალური განათლების მსოფლიო ალიანსის (World Theatre Education Alliance – WTEA) პრეზიდენტთა VII საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 19-23 სექტემბერს დრამის ცენტრალურ აკადემიაში (Central Academy of Drama), პეკინში გაიმართა.
2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა – „თეატრალური განათლების მომავალი – თეატრალური განათლება გარდამავალ ეტაპზე: ახალი პედაგოგიური მიდგომები ცვალებად სამყაროში“ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან იქნა შეთავაზებული და WTEA-ს მიერ დამტკიცებული. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, რომელმაც თეატრალური განათლების განვითარების თანამედროვე პერსპექტივებზე ისაუბრა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თეატრალური განათლების წამყვანი ინსტიტუციების წარმომადგენლები საქართველოდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ კორეიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორ ინსტიტუციებთან, მათ შორის Central Academy of Drama (Beijing)-თან, Ernst Busch University of Theatre Arts Berlin-თან და LAMDA – London Academy of Music & Dramatic Art-თან. შეხვედრებზე გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მასტერკლასების, საერთაშორისო პროექტებისა და აკადემიურ-პროფესიული ინიციატივების მიმართულებით.
WTEA-ის კონფერენციაში მონაწილეობა და ახალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის საერთაშორისო ქსელის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებისა და ქართული თეატრალური განათლების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენის მიმართულებით.





