საერთაშორისო პროექტები

DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა

2019 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტმა, ერასმუსის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, DocNomads-ის წარმომადგენლებთან ერთად, 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, ზემო აჭარაში (სოფელ ბეშუმში) განახორციელა საერთაშორისო პროექტი (ერთობლივ ვორქშოფი) სახელწოდებით „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა.

DocNomads-ი წარმოადგენს დოკუმენტური კინოს ორწლიან სამაგისტრო პროგრამას რეჟისორებისთვის, რომელსაც სამი ცნობილი ევროპული უნივერსიტეტი ახორციელებს: ლისაბონის უნივერსიტეტი (ULHT); უნგრეთის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (SZFE); ბელგიის ხელოვნების უმაღლესი სკოლა (LUCA).

პროექტის ფარგლებში, DocNomads-ის მხრიდან საქართველოში იმყოფებოდნენ 2 ტუტორი და 6 სტუდენტი, უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტიდან მონაწილეობდნენ 2 ტუტორი და 6 სტუდენტი, ხოლო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან – 1 ტუტორი და 2 სტუდენტი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა კომბინირებული ჯგუფები, რომლებმაც გადაიღეს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ზემო აჭარის მაცხოვრებლებზე, მათ ადათ-წესებზე, ასევე, შუამთობის დღესასწაული სოფელ ბეშუმში. 2020 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტების ანა ბარჯაძისა (IV კურსი) და მინდია კანდელაკის (მაგისტრანტი), ასევე DocNomads-ის მაგისტრანტის დანიელ შაჰის მიერ, შექმნილი ფილმი “თხელი კედელი” არჩეულ იქნა Fidba – არგენტინის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე (ბუენოს-აირესი), საერთაშორისო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო ნომინაციაში.

Back to list