
ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
1998 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის ფაკულტეტი (კვალიფიკაცია – ხელოვნებათმცოდნე). 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,ედმონდ კალანდაძის შემოქმედება XX საუკუნის ქართული ხელოვნების კონტექსტში“. 2007-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 2016-2021 წლებში იკავებდა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველის თანამდებობას.
არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტის ავტორი და მონაწილე. მათ შორისაა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტი „დასავლეთევროპული ხელოვნების ინტეგრირებული კვლევა“ (განხორციელდა ნიდერლანდების ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობით); ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში (ვენა, ავსტრია, 2018 წ.), ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი ვან გოგის მუზეუმში (არლი, საფრანგეთი. 2019 წ.), რენესანსისა და ბაროკოს ოსტატების შედევრების გამოფენათა ციკლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს, ტურინის გალერეა საბაუდას, კაზა ბოუნაროტის და ვენეციის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით (,,ბოტიჩელი სილამაზე, კარავაჯო – სინათლე, ,,მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ და სხვ. 2017-2019 წწ.).
ეკატერინე კიკნაძის სამეცნიერო კვლევის საგანია XVIII-XX სს. ქართული და ევროპული სახვითი ხელოვნება, მუზეუმის და სამუზეუმო კოლექციების ისტორია. სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ევროპელი მხატვრების შემოქმედების (ლუკას კრანახი, პიტერ პაულ რუბენსი) და ქართველი მხატვრების და მოქანდაკეების შესახებ. არის 4 მონოგრაფიის ავტორი. „იაკობ ნიკოლაძე“ (თბ. 2016), „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ (თბ. 2019 წ.), „ჰენრიკ ჰრინევსკი“ (თბ. 2019), „ეროვნული გალერეა“ (თბ. 2020 წ.). მონოგრაფია მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკის შესახებ ითარგმნა პოლონურ ენაზე და გამოიცა პოლონეთში, შჩეჩინის ეროვნული მუზეუმის მიერ, პროფესორ პიოტრ რიფსონის რედაქციით („Henryk Hryniewski. Polski malarz w Gruzji (Muzeum Narodowe w Szczecinie. 2021). 2022 წელს, პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა მედალი ,,Gloria Artis“.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 1999 წლიდან. მიჰყავს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური და შუა საუკუნეების, ბაროკოს და თანამედროვე ქართული და ევროპული ხელოვნების ისტორიის კურსები.