ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი

შემოქმედებითი კონკურსის
წესები და მოთხოვნები

2024-2025 სასწავლო წელი

კინო-ტელე ფაკულტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

1.  მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა – 5 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – აუდიო-ვიზუალური  რეჟისურის ბაკალავრი

2.  ანიმაციური  კინოს  რეჟისურა  და თანამედროვე ტექნოლოგიები – 5 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – აუდიო-ვიზუალური  რეჟისურის ბაკალავრი

3. კინო-ტელე  ოპერატორი – 7 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – საოპერატორო  ხელოვნების ბაკალავრი

შემოქმედებითი კონკურსი
 მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის პროგრამაზე

კონკურსი  ტარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი – წერითი ტური და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.

აბიტურიენტმა, წერით ტურზე უნდა წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც მისი მხატვრული აზროვნების უნარს წარმოაჩენს. ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, კინონოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი,  ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა და სხვა აქტივობები, რომლებშიც გამომჟღავნდება აბიტურიენტის შემოქმედებითი უნარი.

I  ეტაპი – წერითი ტური – სამი შეთავაზებული თემიდან აბიტურიენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. აბიტურიენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება –  მეორე ტურზე  აბიტურიენტი  წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათ  მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ფოტოხელოვნება) გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას. აბიტურიენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები (ეტიუდები) ამ უნარების გამოსავლენად; აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ეტიუდის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე.

შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.

შემოქმედებითი კონკურსი
 ანიმაციური კინოს რეჟისურის და თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრამაზე

ანიმაციური კინოს რეჟისურის და თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი – წერითი ტური და  II ტური – გამოცდა/გასაუბრება.

აბიტურიენტმა, წერით ტურზე უნდა წარმოადგინოს მოკლე  ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს. ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, სცენარი, ნებისმიერი ჟანრის გრაფიკული,  ფერწერული ან პლასტიკური ნამუშევარი, ანიმაციაში შექმნილი პატარა ნამუშევარი, ლიტერატურული ჩანახატი, შემოქმედებითი იდეები, ფოტოები და სხვა.

I ეტაპი – წერითი ტური – სამი შეთავაზებული თემიდან აბიტურიენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, ამბავს, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად დაგროვილი მასალის საფუძველზე გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. აბიტურიენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – აბიტურიენტი წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, ინტერესთა სფეროს, ანალიზისა და შემოქმედებითი ფანტაზიის უნარს, მოტივაციას. აბიტურიენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარების გამოსამჟღავნებლად; აბიტურიენტმა უნდა შეძლოს სიუჟეტის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე (სიტუაციის წარმოდგენა-აღწერა; შეთავაზებული თემის, ფერწერული ტილოს ან ფოტოს მიხედვით ამბის აგება (სავარაუდო ხმოვანების წარმოსახვით), მოვლენის განვითარების აღწერა და გადმოცემა).

შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.

შემოქმედებითი კონკურსი
კინო-ტელე ოპერატორის პროგრამაზე

კინო-ტელე ოპერატორის პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი – პრაქტიკული დავალების ტური და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.

აბიტურიენტმა, I ეტაპზე უნდა წარმოადგინოს თავის გადაღებული 10 ფოტოსურათი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი) კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.

I ეტაპი  – პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით).

რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან 10 ფოტო; 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე Jpg ფორმატში ჩაწერილი.

II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – აბიტურიენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია – დაცვა. აბიტურიენტმა უნდა  იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). აბიტურიენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.

შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.

გისურვებთ წარმატებას!