ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი
შემოქმედებითი კონკურსის
წესები და მოთხოვნები
2025–2026 სასწავლო წელი
კინო-ტელე ფაკულტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
1. ტელერეჟისურა – 7 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – აუდიოვიზუალური რეჟისურის ბაკალავრი
2. ხმის რეჟისურა – 7 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – აუდიოვიზუალური რეჟისურის ბაკალავრი
3. კინო-ტელე ოპერატორი – 7 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – საოპერატორო ხელოვნების ბაკალავრი
შემოქმედებითი კონკურსი ტელერეჟისურის პროგრამაზე
ტელერეჟისურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – წერითი ტური და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.
სასურველია აბიტურიენტმა, წერით ტურზე წარმოადგინოს შემოქმედებითი პორტფოლიო (ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, ნოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი, ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა ან სხვა ნამუშევარი, რომელშიც გამომჟღავნდება აბიტურიენტის შემოქმედებითი უნარები).
I ეტაპი – წერითი ტური – აბიტურიენტი წერს სამოტივაციო წერილს და ასევე შეთავაზებული 3 დავალებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო ერთ თემას დასაწერად (ეს შეიძლება იყოს სატელევიზიო სიუჟეტის, გადაცემის, შოუს ან სხვა სახის სატელევიზიო პროექტის მონახაზის დაწერა), რომელშიც მაქსიმალურად შეძლებს წარმოაჩინოს შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
აბიტურიენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.
II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – აბიტურიენტი სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს კინო-ტელე ხელოვნების, ასევე სახვითი ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და თეატრის ისტორიაში;
აბიტურიენტს ზეპირი გამოკითხვის გარდა მიეცემა პრაქტიკული დავალებები (მაგ.: მოკლე ვიდეოს გადაღება, მონტაჟი და სხვა.), სადაც აბიტურიენტი გამოავლენს დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარებს.
შემოქმედებითი კონკურსი ხმის რეჟისურის პროგრამაზე
ხმის რეჟისურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი -პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი – გასაუბრება.
პირველ ეტაპზე აბიტურიენტი წარმოადგენს მოკლე ავტობიოგრაფიას თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; საშუალო მუსიკალური განათლების არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი; სასურველია წარმოადგინოს მის მიერ შექმნილი მუსიკალური კლიპი ან მუსიკალური ნაწყვეტი ან მის მიერ გაფორმებული ტელეპროექტი ან ფილმი.
I ეტაპი – პრაქტიკული დავალების შესრულება სხვადასხვა ხასიათისა და ფორმის მუსიკალური ფრაგმენტითა და ხმოვანი რიგით (დიალოგი, მონოლოგი, ადგილმდებარეობის დამახასიათებელი ბგერები, სინქრონული ხმაური, მუსიკა), რის საფუძველზეც შემოწმდება აბიტურიენტის სმენა, რიტმის გრძნობა, ხმოვანი რიგის აღქმის უნარი, მუსიკალური შეგრძნება და მუსიკალური ჟანრის აღქმა.
II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – მეორე ტურზე აბიტურიენტი წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს კინოხელოვნებასა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათ მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ფოტოხელოვნება) გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.
შემოქმედებითი კონკურსი კინო-ტელე ოპერატორის პროგრამაზე
კინო-ტელე ოპერატორის პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – პრაქტიკული დავალების ტური და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.
აბიტურიენტმა, I ეტაპზე უნდა წარმოადგინოს თავის გადაღებული 10 ფოტოსურათი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი) კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.
I ეტაპი – პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით).
რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან 10 ფოტო; 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე Jpg ფორმატში ჩაწერილი.
II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – აბიტურიენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია – დაცვა. აბიტურიენტმა უნდა იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). აბიტურიენტი წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!