სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უპირობოდ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.

უნივერსიტეტის მისიაში დეკლარირებულია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უნდა ასრულებდეს და ასრულებს კიდეც კულტურათა დიალოგის საერთაშორისო ცენტრის როლს.

წლების განმავლობაში უნივერსიტეტი ამას ამტკიცებს თავისი საქმიანობით. ყოველწლიურად ფართოვდება ჩვენი ევროპული ურთიერთობების გეოგრაფია და არეალი.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უაღრესად რთულია საზოგადოების ერთობაზე საუბარი, აუცილებლად მიგვაჩნია პოზიციების დაახლოება და ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყება. დიალოგს ცივილურ სამყაროში ალტერნატივა არ აქვს. სამოქალაქო დაპირისპირებით ერთმნიშვნელოვნად ისარგებლებს ჩვენი მტერი. ამ ვითარებაში კომპრომისზე წასვლა მხოლოდ ღირსებას შესძენს ნებიესმიერ მხარეს. ცხადია, მთავრობის პასუხისმგებლობა უმთავრესია, თუმცა ეს არ ათავისუფლებს საქართველოს არცერთ მოქალაქეს კანონიერების დაცვის ვალდებულებისაგან.

თუ რამდენად დიდია განსაცდელი, უნდა გაიაზროს საზოგადოების თითოეულმა წევრმა, რადგან ქვეყანას უახლოეს წარსულში უკვე გავლილი აქვს ძმათამკვლელი ომის მთელი საშინელება და ჩვენ ვალდებულნი ვართ ჩვენი სტუდენტობა და ახალგაზრდობა არ დავაყენოთ ამ საფრთხის წინაშე.

არა რუსეთს!

ევროპა ჩვენი სახლია!

Back to list