
ხელოვნების მკვლევართა XIX საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 2026 წლის 7-9 ოქტომბერს. წლევანდელი პრიორიტეტული თემაა „კულტურა ცვლილებების ზღვარზე“.
კონფერენცია ეძღვნება ხელოვნებისა და კულტურის იმ მდგომარეობის გააზრებას, როცა ისტორიული, სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებები ხელოვნების, ასევე, მედიის ფორმების, ფუნქციებისა და შინაარსის საფუძვლიანად გადააზრებას იწვევს. განხილვის საგანი იქნება ვიზუალური ხელოვნების, კინოს, თეატრის, მუსიკის, მედიისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებული დარგების თანამედროვე და ისტორიული პრაქტიკები, რომლებიც ტრადიციასა და ინოვაციას შორის გარდამავალ ზონაში ყალიბდება. კონფერენცია მიზნად ისახავს იმ კრიტიკული მომენტების გამოკვეთას, სადაც კულტურა რეაგირებს ახალ რეალობაზე, აყალიბებს ახალ ენობრივ და სიმბოლურ ფორმებს და განსაზღვრავს საკუთარ მიმართულებებს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.
მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამეცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
კონფერენციაზე იმუშავებს თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკოლოგიის, ქორეოლოგიისა და მედიის სექციები; ასევე, თავისუფალი თემატიკის სექციები სახელოვნებო მიმართულებებით და კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.
კონფერენციის თემატური მასალებიგამოიცემა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ ორ ენაზე – ქართულ-ინგლისურად, ხოლო თავისუფალი სექციის მასალები – ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.
დედლაინი:
10 ივლისი – ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა;
30 სექტემბერი – მოხსენების ტექსტის (ინგლისურად) წარმოდგენის ბოლო ვადა;
30 ნოემბერი – თემატური (კულტურა ცვლილებების ზღვარზე) სტატიების სრული ტექსტის – ქართული და ინგლისური ვარიანტის გადმოგზავნა.
მოთხოვნები:
მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის სარედაქციო საბჭოს მიერ.
პარამეტრები:
თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.
ფონტი ქართული ტექსტისთვის – Sylfaen, ინგლისურისთვის – Times New Roman;
ზომა – 12, დაშორება – 1,15.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 6-7 გვერდს. – მოხსენების რეგლამენტი – 10 წთ.
დასაბეჭდად განკუთვნილი სტატია – 7-10 გვერდი.
სტატიის წერისას, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „პუბლიკაციის გზამკვლევით“:
https://artsmediajournal.tafu.edu.ge/ავტორებისთვის/#პუბლიკაციის_გზამკვლევი
თეზისები და მოხსენებები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge
კონფერენციის ორგანიზატორი:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი,
პროფესორი ნატო გენგიური
ტელ. 577947003; 593244278
ელ. ფოსტა: conference@tafu.edu.ge