სიახლე

ეტიუდების XV სტუდენტური ფესტივალი “არლეკინი” 2026

2026 წლის 23 – 27 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, ეტიუდების XV სტუდენტური ფესტივალი “არლეკინი” გაიმართება.

ეტიუდების ფესტივალი ჩატარდება ორ ეტაპად:

23 მარტს – შესარჩევი ტური, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს – საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის, საბერძნეთისა და სომხეთის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლების სტუდენტები.

საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შესარჩევ ეროვნულ ტურში გამარჯვებული დრამის ფაკულტეტის სტუდენტები.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური:

  • ჟიურის თავმჯდომარე – დრამის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნების დოქტორი ანდრო ენუქიძე;
  • ჟიურის წევრები: თავისუფალი თეატრის მსახიობი ანი ალადაშვილი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი, ახმეტელის თეატრის მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე.
  • სტუდენტური ჟიური: თინათინ ასათიანი, მარიამ სამხარაძე, თეიმურაზ დვალი.

შესარჩევ ტურში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • გრან-პრი;
  • საუკეთესო ეტიუდის სცენარი;
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი;
  • სტუდენტური ჟიურის რჩეული;
  • სპეციალური პრიზი – ყველაზე ჰუმანური ეტიუდი;
  • კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“ გამოავლენს ფონდის რჩეულს – სპეციალური პრიზი — „მესმას რჩეული“.

საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრებად და საპატიო სტუმრებად მოწვეულები არიან:

  • ტიტო ლორეფიჩე – რეჟისორი, პედაგოგი, UNIMA-ს პროფესიული მომზადების კომისიის პრეზიდენტი, UNIMA International-ის ვიცე-პრეზიდენტი, Three Americas Commission-ის პრეზიდენტი, პროფესორი არგენტინის სან-მარტინის ეროვნულ უნივერსიტეტში (UNSAM), პროფესორი პეკინის ცენტრალურ დრამის აკადემიაში (CAD), ჩინეთი;
  • ანხელ ნავარო – ესპანეთი, თოჯინების თეატრის მსახიობი, Teatro Saco de Huesos-ს დამფუძნებელი;
  • ემი მორისონი – აშშ, ,,HB STUDIO” მსახიობის ოსტატობის პედაგოგი.

27 მარტს, საერთაშორისო ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:

  • I ადგილი – ოქროს არლეკინი
  • II ადგილი – ვერცხლის არლეკინი
  • III ადგილი – ბრინჯაოს არლეკინი
  • საუკეთესო ამბავი
  • საუკეთესო მსახიობი კაცი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი
  • სტუდენტური ჟიურის პრიზი
  • ფესტივალის, ჟიურის და უნივერსიტეტის სპეციალური პრიზები.

ფესტივალის ფარგლებში, მოწვეული სტუმრები და უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების პედაგოგები ჩაატარებენ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს:

25 მარტს:

  • გიორგოს ზამპულაკისის (ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის პედაგოგი, რეჟისორი) ვორქშოპი – „სხეულის ექსტაზი, პოლიფონია და სივრცული ექსპრესია“. ვორქშოპი ფოკუსირებულია მსახიობის სხეულებრივ ექსტაზზე და გონებისა თუ სხეულის “სიცარიელის” მდგომარეობაზე, რაც საფუძველს უქმნის დროის, სივრცისა და ბგერის სიღრმისეულ აღქმას. მონაწილეები იმუშავებენ ქოროს საერთო სხეულის შექმნაზე, სადაც მეტყველება, ტექსტი და რიტმი დიფერენცირებულ ასპექტებად განიხილება. პროცესი მოიცავს მოძრაობის გეომეტრიულ ანალიზს, სადაც ქორო ყალიბდება, როგორც ერთიანი სკულპტურული კომპოზიცია;
  • მარიამ კობახიძის (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგი, ასისტენტ-პროფესორი) ვორქშოპი – „თავისუფალი ხმის ეფექტი“.

26 მარტს:

  • ანდრაშ ლენარტის (ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი) ვორქშოპი – „თამაში არაფრით“ (Playing with Nothing). ვორქშოპი ეფუძნება თოჯინების თეატრის ფუნდამენტურ ტექნიკას – „ჯგუფურ მუშაობას“, სადაც რამდენიმე პერფორმერი ერთობლივად აცოცხლებს ერთ ფიგურას. სტუდენტები სწავლობენ ბრტყელი ობიექტების მართვას ორგანზომილებიან სიბრტყეში, რაც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას მოძრაობის სიზუსტეზე, რიტმულ ჰარმონიასა და სინქრონულ სუნთქვაზე. მონაწილეები ერთიანი ენერგიითა და საერთო დინამიკით ქმნიან ვიზუალურ მეტაფორებს, რაც პირდაპირ უკავშირდება პერსონაჟის გაცოცხლებასა და მის სცენურ ქცევას.
  • დავით შალიკაშვილის და ნინო ლორთქიფანიძის ვორქშოპი – „ემოციური იმპულსი – შინაგანი განცდიდან წამოსული მოქმედება“.
  • ანხელ ნავაროს (მეთოჯინე, Teatro Saco de Huesos-ს დამფუძნებელი) თოჯინების შოუ – Manca in the dunes და მასტერკლასი – „მაყურებელი არის მტერი” (The Audience is the Enemy).

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ფესტივალის პარტნიორები: კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, კომპანია “ბეკო”, მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი „მეა“, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სასწავლო ტელევიზია „ARTv“.

Back to list