სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცემები

მიზანსცენა

თამარ ქუთათელაძე,  „მიზანსცენა“  (დამხმარე სახელმძღვანელო)  

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, თამარ ქუთათელაძის (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი) წიგნში ,,მიზანსცენა“ (დამხმარე სახელმძღვანელო) განხილულია სპექტაკლის უმთავრესი სეგმენტის – მიზანსცენის – ცნება, მნიშვნელოვნება, ევოლუციის პროცესი, აღწერის სავარაუდო მეთოდი. ნაშრომი უმთავრესად დაეფუძნა XX საუკუნის ცნობილი რეჟისორების: კოტე მარჯანიშვილის, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის, მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძისა და შალვა გაწერელიას სპექტაკლების ქრესტომათიულად აღიარებულ მიზანსცენათა აღწერილობებსა და შეფასებებს. ყოველი მონაკვეთის დასასრულს წარმოდგენილია საკონტროლო შეკითხვები. წიგნი მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელოდ „სათეატრო კრიტიკასა და თეორიაში“. მიზანსცენა, როგორც სპექტაკლის გამორჩეულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, თეატრმცოდნის სასწავლო პროცესის უმთავრესი შემადგენელია. დღეისათვის ქართულ ენაზე სპეციალურ სასწავლო ლიტერატურაში არსებული სიმწირის გამო, წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო მოკრძალებული ცდაა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნაშრომის მიზანია ზემოაღნიშნულ პროცესში თვალსაჩინო მაგალითების საფუძველზე, სტუდენტებს შესთავაზოს მიმდინარე თეატრალური ტენდენციებისა და სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე დაბადებული მიზანსცენების გააზრების ნიმუშები სპექტაკლის რეცენზირების, სამეცნიერო ნაშრომის, ზეპირი განხილვისას დასაბუთებული მსჯელობის დასაუფლებლად. აღნიშნული გამოცემა დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს სასწავლო თუ სალექციო პროცესში, არამედ საინტერესო იქნება თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

წიგნი გამოიცა 2022  წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.  

Back to list