საერთაშორისო პროექტები

საქართველო-ისრაელის კოპროდუქცია

2018 წელს იორამ ლოვენშტაინის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიასა (ისრაელი) და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2019 წელს განხორციელდა ერთობლივი პროექტი 2 ეტაპად.

პირველ ეტაპზე შედგა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეჟისორების ვიზიტი თელ-ავივში 2019 წლის აპრილში. პროექტის თანახმად მონაწილე სკოლების სტუდენტებმა წარმოადგინეს წინასწარ მომზადებული სცენები არისტოფანეს პიესიდან „ლისისტრატე” (კინესიას და მირინეს სცენა) მშობლიურ ენაზე.  რვა დღის განმავლობაში სტუდენტებისა და რეჟისორების შერეულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს ერთი და იგივე სცენა, რომელშიც თითოეული მსახიობი თავის მშობლიურ ენაზე თამაშობდა.

პროექტის მეორე ეტაპზე, 2019 წლის ივლისში, უნივერსიტეტს საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ ებრაელი სტუდენტები და პედაგოგები. პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს სცენა უილიამ შექსპირის პიესიდან „ჭირვეულის მორჯულება”.

კოპროდუქციის მიზანს წარმოადგენდა თეატრალურ სკოლებში შემუშავებული განსხვავებული მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება ერთ კონკრეტულ დრამატურგიულ მასალაზე მუშაობისას. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაცვლა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა  და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

Back to list