
ხელოვნების მკვლევართა XVIII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 15-17 ოქტომბერს. წლევანდელი პრიორიტეტული თემაა „ხელოვნება დროის კონტექსტში“ .
კონფერენციის თემა უკავშირდება, როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე კონტექსტს და მოიცავს სხვადასხვა დარგს – თეატრს, კინოს, მედიას, მხატვრობას, არქიტექტურას, ლიტერატურას, მუსიკას და ა.შ. მოხსენებებში შესაძლებელია შემოთავაზებული იყოს საკითხების სხვადასხვა ინტერპრეტაცია, წარსულიდან თუ თანამედროვე ეპოქიდან:
- როგორ ასახავს ხელოვნება სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს, როგორ ეხმიანება მის თანამედროვე საზოგადოებრივ პროცესებს;
- როგორ მჟღავნდება თანამედროვე პრობლემები (ეკოლოგია, სოციალური საკითხები, ტექნოლოგიები) ხელოვნებაში, კულტურასა და მედიაში? როგორი შეიძლება იყოს ხელოვნება ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ეპოქაში? რა აფართოებს ხელოვნების საზღვრებს (ახალი მასალები, ტექნოლოგიები, მეთოდები და ციფრული პლატფორმები)?
- კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ხელოვნება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ეპოქის ამსახველი, ასევე, როგორც მისი მიმართულების შემცვლელი, საზოგადოებრივი დისკურსების შემქმნელი ან გამაძლიერებელი, კულტურულ-სოციალური ცვლილებების მომტანი. ასევე, ისიც თუ, როგორ ცვლის ახალი მედიები და ციფრული ტექნოლოგიები არამარტო ხელოვნების ფორმას, არამედ მისი ზემოქმედების არეალს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.
მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამეცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
კონფერენციაზე იმუშავებს თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკოლოგიის, ქორეოლოგიისა და მედიის სექციები; ასევე, თავისუფალი თემატიკის სექციები სახელოვნებო მიმართულებებით და კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.
კონფერენციის თემატური მასალები გამოიცემა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ ორ ენაზე – ქართულ-ინგლისურად, ხოლო თავისუფალი სექციის მასალები – ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.
ბოლო ვადები:
10 ივლისი – ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა;
30 სექტემბერი – მოხსენების ტექსტის (ინგლისურად) წარმოდგენის ბოლო ვადა;
30 ნოემბერი – თემატური (ხელოვნება დროის კონტექსტში) სტატიების სრული ტექსტის – ქართული და ინგლისური ვარიანტის გადმოგზავნა.
მოთხოვნები:
მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის სარედაქციო საბჭოს მიერ.
პარამეტრები:
თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.
ფონტი ქართული ტექსტისთვის – Sylfaen, ინგლისურისთვის – Times New Roman;
ზომა – 12, დაშორება – 1,15.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 6-7 გვ.-ს. – მოხსენების რეგლამენტი – 10 წთ.
დასაბეჭდად განკუთვნილი სტატია – 7-10 გვ.
სტატიის წერისას, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „პუბლიკაციის გზამკვლევით“:
https://artsmediajournal.tafu.edu.ge/ავტორებისთვის/#პუბლიკაციის_გზამკვლევი
თეზისები და მოხსენებები უნდა გამოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge
კონფერენციის ორგანიზატორი:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი,
. Prof. Nato (Natalie) Gengiuri
ტელ. 577947003; 593244278
E-mail: conference@tafu.edu.ge