Publications

ეუჯენიო ბარბა ნიკოლა სავარეზე თეატრის ანთროპოლოგიის ლექსიკონი: შემსრულებლის საიდუმლო ხელოვნება (2025)

პირველი ქართული გამოცემა

თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

თეატრის ისტორიაში იშვიათია წიგნები, რომლებმაც არა მხოლოდ არსებული ცოდნა შეაჯამა, არამედ თავად განსაზღვრა კვლევის სრულიად ახალი სფერო. ეუჯენიო ბარბასა და ნიკოლა სავარეზეს „თეატრის ანთროპოლოგიის ლექსიკონი: შემსრულებლის საიდუმლო ხელოვნება“ სწორედ ასეთ ნაშრომთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი პირველი გამოცემიდან ათწლეულები გავიდა, თუმცა იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექსტად მსახიობის ხელოვნების, საშემსრულებლო ტექნიკისა და ტრანსკულტურული თეატრის კვლევის სფეროში. „თეატრის ანთროპოლოგიის ლექსიკონი“ დღეს უკვე კლასიკურ ტექსტად ითვლება – არა იმიტომ, რომ დასრულებულ თეორიას გვთავაზობს, არამედ იმიტომ, რომ თეატრის შესახებ აზროვნება ახალი კვლევითი პარადიგმისკენ მიმართა.

მიუხედავად სათაურისა, ეს არ არის ლექსიკონი ტრადიციული გაგებით. აქ წარმოდგენილი ტერმინები განმარტების ობიექტები კი არა, კვლევის ინსტრუმენტებია. თითოეული თავი გვიხსნის არა მხოლოდ ცნებებს, არამედ იმ პრინციპებს, რომლებზეც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის საშემსრულებლო პრაქტიკა დგას. თითოეული ასეთი ცნება კი მსახიობის ხელოვნებისკენ გახსნილი კარია.  წიგნი ერთმანეთის გვერდით აყენებს ევროპულ და აზიურ საშემსრულებლო ტრადიციებს: კლასიკურ ბალეტს, ნო-ს, კატჰაკალს, ბალიურ ცეკვას, კაბუკის, ფიზიკურ თეატრსა და მრავალ სხვა პრაქტიკას, რათა გვაჩვენოს განსხვავებებს მიღმა არსებული საერთო კანონზომიერებები – ის, რაც სცენაზე შემსრულებლის განსაკუთრებულ მყოფობას, „სასცენო ბიოსს“ წარმოშობს. 

სწორედ ამიტომ, წიგნის ქვესათაური – „შემსრულებლის საიდუმლო ხელოვნება“ – მის არსს, ალბათ, უფრო ზუსტად გამოხატავს, ვიდრე მთავარი სათაური. ბარბასა და სავარეზეს აინტერესებთ არა ის, თუ რას წარმოადგენს კონკრეტული თეატრალური ფორმა, არამედ ის, თუ როგორ იქმნება განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც მაყურებელი აღიქვამს როგორც სცენურ სიცოცხლეს. რა ქმნის სცენაზე მსახიობის თვალსაჩინო მყოფობას? როგორ წარმოიშობა ის წინაექსპრესიული მდგომარეობა, რომელიც ყოველგვარ ინტერპრეტაციასა თუ პერსონაჟის შექმნას უსწრებს წინ? არსებობს თუ არა ისეთი პრინციპები, რომლებიც მოქმედებს როგორც იაპონურ ნო-სა და ინდურ კატჰაკალში, ისე ევროპულ დრამატულ ტრადიციასა თუ კლასიკურ ბალეტში? სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის ძიებამ წარმოშვა თეატრის ანთროპოლოგია, რომელსაც თავად ეუჯენიო ბარბა განსაზღვრავს, როგორც „საშემსრულებლო სიტუაციაში მონაწილე ადამიანების სოციალურ-კულტურულ და ფიზიოლოგიურ ქცევაზე დაკვირვებას“.

ISBN 978-994-9987-4-4

Back to list