Publications

მიხეილ კალანდარიშვილი, თამარ ცაგარელი – „დრამისა და თეატრის თეორიის საფუძვლები“ (2026). ნაწილი პირველი

აღნიშნული სახელმძღვანელოს პირველი წიგნი ეძღვნება თეატრმცოდნე მიხეილ კალანდარიშვილის ხსოვნას (იგი 2014 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა), რომლის იდეაც გახლდათ ამ წიგნზე მუშაობა და გამოცემა. 

სახელმძღვანელო – „დრამისა და თეატრის თეორიის საფუძვლები“ – ქართული თეატრმცოდნეობის/თეატროლოგიის სივრცეში დღემდე არ გამოცემულა. წიგნში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ანტიკური პერიოდიდან XIX საუკუნემდე და მეორე  – XIX საუკუნიდან XXI საუკუნის 20-იან წლებამდე – შესწავლილი და გაანალიზებულია დრამატურგიისა თუ თეატრალური ხელოვნების ესთეტიკა, მისი ფორმირების თავისებურებები და განვითარების ეტაპები, ძირითადი კანონზომიერებები, ცნებები, სპეციფიკური ტერმინოლოგია, ხელოვნების სკოლები, სტილები, მიმართულებები, დრამისა და ზოგადად სასცენო ხელოვნებასთან დაკავშირებული ფილოსოფიური იდეები, თეატრალური ხელოვნების სინთეზური ბუნება და მისი ორგანული კავშირი ხელოვნების სხვა დარგებთან. მკითხველი გაეცნობა დრამისა თუ თეატრალური საფუძვლების თეორიას, აღნიშნული მასალით პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი შემოქმედებაც გაიაზრონ მრავალსაუკუნოვანი დრამატურგიისა თუ თეატრალური გამოცდილების ფართო ფონზე.

სახელმძღვანელო –  „დრამისა და თეატრის თეორიის საფუძვლები“ –  მიზნად ისახავს, თეატროლოგებს, დრამატურგებს, მსახიობებსა და რეჟისორებს გადასცეს მათ მიერ არჩეული პროფესიისთვის აუცილებელი ინფორმაცია: დრამისა და სათეატრო ხელოვნების თეორიის შესავალი, არსი და ზოგადი საფუძვლები; მათი განვითარების ძირითადი ტენდენციები, ფორმები და ჟანრები; დრამის თეორიის სტრუქტურის, ენის, ჟანრებისა და მხატვრულ ფორმათა ფუნქციონირების თავისებურებანი.

ISBN 978-9941-7912-1-5

Back to list