News

ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის  „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი“ პრეზენტაცია

2026 წლის 11 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (შოთა რუსთაველის გამზირი #19), დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის ფოიეში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის ახალი ორენოვანი წიგნის „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი“ პრეზენტაცია.

დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ.

გამოცემის რედაქტორები არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი და ლელა ოჩიაური.

გამოცემისთვის მხატვარმა სოფო მამალაძემ ექსკლუზიურად შექმნა ორიგინალური ილუსტრაციები, ხოლო წიგნის ვიზუალური კონცეფცია ეკუთვნის ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძეს.

გამოცემის უნიკალურობა იმაშია, რომ აქამდე არასდროს არ გამოცემულა კვლევა და პოპულარული ლიტერატურა, სადაც თავმოყრილი იქნება ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის ქართული თეატრის ისტორია და არტეფაქტები.

დამხმარე სახელმძღვანელოში მოთხრობილია ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული პროფესიული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები, თამაშის ხელოვნების პროფესიული დასაბამი, განხილულია უცხოური წყაროები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ, გლოვის მგოსნობა და სათეატრო ასპარეზობები, სანახაობის კვალი ქართულ წერილობით მემკვიდრეობაში. წიგნში განხილულია სათეატრო ნაგებობები, მათ შორის, ქურუმთა ქალაქი უფლისციხე, გონიო-აბსაროსის თეატრონი, ვანში აღმოჩენილი არტეფაქტები, თეატრის როლი რუსთაველის ეპოქასა და ქართულ მხატვრულ მწერლობაში, სახიობა, როგორც სათეატრო ფორმა, ცალკე თავი ეთმობა ძველ ქართულ სათეატრო ტერმინოლოგიას.

Back to list