წიგნში ,,მიზანსცენა“ წარმოდგენილია სპექტაკლის უმთავრესი სეგმენტის – მიზანსცენის – ცნება, მნიშვნელობა, ევოლუციის პროცესი, აღწერის მეთოდი. ნაშრომი უმთავრესად დაეფუძნა XX საუკუნის დიდი ქართველი რეჟისორების – კოტე მარჯანიშვილის, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის, მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძისა და შალვა გაწერელიას სპექტაკლების ქრესტომათიულად აღიარებულ მიზანსცენათა აღწერილობებსა და შეფასებებს ილუსტრაციების დართვით. ყოველი მონაკვეთის დასასრულს განთავსდა საკონტროლო შეკითხვები. წიგნი მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელოდ „სათეატრო კრიტიკასა და თეორიაში“.
მიზანსცენა, როგორც სპექტაკლის გამორჩეულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, თეატრმცოდნის სასწავლო პროცესის უმთავრესი მონაკვეთია. დღეისათვის ქართულ ენაზე სპეციალურ სასწავლო ლიტერატურაში არსებული გარკვეული კრიზისის გამო, წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო, პირველი მოკრძალებული ცდაა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნაშრომის მიზანია ზემოაღნიშნულ პროცესში თვალსაჩინო მაგალითების საფუძველზე, სტუდენტებს შევთავაზოთ მიმდინარე თეატრალური პროცესებისა და სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე წარმოქმნილი მიზანსცენების გააზრების ნიმუშები სპექტაკლის რეცენზირების, სამეცნიერო ნაშრომის, წარმოდგენის ზეპირი განხილვის პროცესში დასაბუთებული მსჯელობის შესასწავლად.
ვფიქრობთ, აღნიშნული გამოცემა დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს სასწავლო თუ სალექციო მონაკვეთების მომზადებისას, არამედ საინტერესო იქნება თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც.
რედაქტორი – დავით კობახიძე,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუსი;
რეცენზენტები:
გიორგი ცქიტიშვილი,
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი;
მაია კიკნაძე,
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ISBN 978-9941-9830-1-6