
2026 წლის 4–5 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სტუდენტთა XIX სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70-მდე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტმა.
სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავა თორმეტმა სექციამ შემდეგი მიმართულებებით: თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მუსიკოლოგია, ქორეოლოგია, მედიის კვლევები, კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი.
სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები ზვიად დოლიძე, გიორგი ცქიტიშვილი, მალხაზ ღვინჯილია; ასოცირებული პროფესორები თამარ ცაგარელი, ნანა დოლიძე, ეკატერინე კიკნაძე, სოსო გობეჯიშვილი, დოდო ჭუმბურიძე; ასისტენტ პროფესორები თამთა თურმანიძე, ლადო ტატიშვილი და მეცნიერ-თანამშრომელი ხათუნა დამჩიძე.
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ექვსი უმაღლესი სასწავლებლიდან: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიდან, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიიდან, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან.
ნიშანდობლივია, რომ კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ თეორიული მიმართულებების სტუდენტები, არამედ შემოქმედებითი პროგრამების წარმომადგენლებიც — ქორეოგრაფები და დრამის რეჟისურის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კვლევისა და შემოქმედებითი პრაქტიკის ინტეგრირებულ ბუნებას.
სტუდენტთა მოხსენებებს ხელმძღვანელობდნენ როგორც უნივერსიტეტის, ისე პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და მკვლევრები: მაია კიკნაძე, მაკა ვასაძე, ლალი ოსეფაშვილი, ნატო გენგიური, მალხაზ ღვინჯილია, მაია ლევანიძე, მანანა ლეკბორაშვილი, ლაურა კუტუბიძე, რევაზ ჭიჭინაძე, ნაირა გალახვარიძე, მაია ღვინჯილია, დოდო ჭუმბურიძე, მარინა ქავთარაძე, თამარ ჩხეიძე, თამარ ბელაშვილი, ლია ანთელავა, სოფიო თავაძე.
5 მაისს გაიმართა კონფერენციის მონაწილე სტუდენტების სიგელებით დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კონფერენციის ორგანიზატორი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევითი კულტურისა და აკადემიურ სივრცეში პირველი ნაბიჯების პლატფორმაზე. აღინიშნა, რომ კონფერენცია უკვე 19 წელია ქმნის უწყვეტ ინტელექტუალურ გარემოს, სადაც თაობები იცვლება, თუმცა ინტერესი, ძიება და აზროვნების სურვილი რჩება მის მთავარ ღირებულებად.
სტუდენტებს წარმატება მიულოცეს და სიგელები გადასცეს სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ფხაკაძემ, პროფესორებმა ზვიად დოლიძემ, გიორგი ცქიტიშვილმა, მალხაზ ღვინჯილიამ და ასოცირებულმა პროფესორებმა ეკატერინე გელიაშვილმა და ნაირა გალახვარიძემ. ღონისძიების წამყვანი იყო დრამის ფაკულტეტის სტუდენტი ნინუცა ცაგარეიშვილი.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ყოველწლიური ღონისძიებაა. კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორია პროფესორი ნატო გენგიური — უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. წლევანდელი კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იყვნენ ქეთევან ოჩხიკიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტი, და თინათინ ასლამაზაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.







































































