“კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში” სამეცნიერო კრებულების სერიის “XX საუკუნის ხელოვნება” გაგრძელებაა.
საქართველომ XX საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოეთის “ძმურ”ოჯახში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა ხელოვნების დარგი, რომელშიც ქართველებს ინტენსიურად არ შეექმნათ ხელოვნების ნიმუშები; მათ შორის იყო მდარე და საშუალოც, მკაცრად იდეოლოგიზებული და მეტ-ნაკლებად თავისუფალი, მაღალი მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ქმნილებები, აფიშირებულ-პრემირებული და დამალულ-აკრძალული.
ქართული ხელოვნება ოდითგანვე უცხოეთის კულტურებთან ინტენსიურ კავშირში ვითარდებოდა: წინა აზიის უძველესი ცივილიზაციები, ბიზანტია-ევროპა, ირანი და აღმოსავლური კულტურა. აღმოსავლურ-დასავლურ კულტურათა გზათშესაყარზე ქართული ხელოვნება თავის ინდივიდუალურ სახეს ქმნიდა. ინტენსიური კულტურული კონტაქტები საქართველოს XX საუკუნის პირველ ოცეულშიც ჰქონდა… მაგრამ რა მოხდა მაშინ, როცა ის ჩაკეტილ, საბჭოთა სივრცეში აღმოჩნდა? როცა მხოლოდ “მოძმე” რესპუბლიკებთან კონტაქტი იყო იდეოლოგთა მიერ მოწონებული? რა განაპირობებდა მის სახეს? მხოლოდ იდეოლოგია? ტრადიცია? პარტიული დადგენილებები? იყო თუ არა სხვა კულტურებთან კონტაქტი? ეს და სხვა საკითხებია წინამდებარე კრებულის ყურადღების ცენტრში თავმოყრილი. აქ წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება თეატრის და მუსიკის, კინოს და მედიის, მხატვრობისა და არქიტექტურის, ფოტოგრაფიის ცალკეულ თემებს.
კრებულს საფუძვლად დაედო 2016 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.
რედატორ-გამომცემელი: ნატო გენგიური
რედაქტორები: ნატო გენგიური, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი, თათია ჩხეიძე
ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)
ISBN 978-9941-9522-2-7 (ტომი VII)